ქუმსიშვილი: „ლარის კურსი მეც მაწუხებს“

ქუმსიშვილი: „ლარის კურსი მეც მაწუხებს“ლარის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ, მისი მსყიდველობითი უნარი მეც მაწუხებს, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, მაწუხებს, როგორც საქართველოს მთავრობის წევრს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
– ძალიან მნიშვნელოვანია ლარიზაციის რეფორმა.

ბოლო დღეებში ერთ-ერთი მთავარი თემა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარებაა. ლარის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ, მისი მსყიდველობითი უნარი მეც მაწუხებს. მაწუხებს, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, მაწუხებს, როგორც საქართველოს მთავრობის წევრს, რადგან ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ ეს პასუხისმგებლობა მავალდებულებს ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ ასეთი მდგომარეობა სავალუტო ბაზარზე კურსის თუნდაც მოკლევადიანი რყევების გამო ბევრისთვის განკარგვადი შემოსავლების ხელშესახები შემცირება შეიძლება გაგრძელდეს მანამდე, ვიდრე მაღალია დოლარიზაციის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე. სწორედ ესაა ამ პრობლემის მთავარი საფუძველი. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ლარიზაციის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებას, რათა მოიხსნას აღნიშნული პრობლემა და შოკის მიმართ გამძლეობა გაიზარდოს, – განაცხადა ქუსმიშვილმა და ლარიზაციის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე ისაუბრა