სასამართლომ ჩაბუქს წინასაექტრადაციო პატიმრობა გაუგრძელა

სასამართლომ ჩაბუქს წინასაექტრადაციო პატიმრობა გაუგრძელათბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის თხოვნა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინა საექსტრადაციო ვადა კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივა.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა მიიღო. ჩაბუქის ადვოკატები 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა.

თავად ჩაბუქმა კი სასამართლოზე განაცხადა, რომ არა თუ ტერორისტული ორგანიზაციის, არამედ არცერთი ფორმალური და არაფორმალური ორგანიზაციის წევრი არ არის.

ჩაბუქის ადვოკატები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებენ.

დემირელის სკოლის მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს პატიმრობის ვადა დღეს ეწურებოდა. პროკურორი აცხადებდა, რომ ჩაბუქი თურქი სამართალდამცველების მიერ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით იძებნება, რის საფუძველზეც საქართველოში დააკავეს. პროკურატურამ 6 თვის განმავლობაში შეისწავლა თურქეთიდან გამოთხოვილი მასალები, თუმცა საექსტრადაციო პროცედურები აღსრულებული არ არის და პატიმრობის ვადა უნდა გაგრძელდეს.

2 დღის წინ ჩაბუქს სასამართლომ უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, შესაბამისად ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭა.

დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. 2 აგვისტოს დაკავებულის ადვოკატებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი გაასაჩივრეს, რომლის საფუძველზეც ჩაბუქს და მის ოჯახის წევრებს, მათ შორის ორ მცირეწლოვან შვილს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ. შესაბამისი საჩივრით ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართეს.

იმედინიუსი