საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში, გიორგი ჯანჯღავამ გამართა შეხვედრა სამეფოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნესმენ ქალბატონთან, Olayan Financing Co.-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ლუბნა ოლაიანთან.
საელჩოს ცნობით, ქალბატონი ლუბნა, ფორბსის მიერ ბოლო რამდენიმე წელიწადია სახელდება, როგორც არაბული სამყაროს ნომერი პირველი ყველაზე გავლენიანი ქალი. ოლაიანების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარია სამეფოში, რომლის მფლობელობაშია უმსხვილესი Olayan Group-ი.
ოჯახის კაპიტალი 8 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.
შეხვედრაზე ლუბნა ოლაიანს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. განხილულ იქნა ბოლო პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის საქმიანი ურთიერთობების მზარი დინამიკა. საუბარი შეეხო საუდელი ბიზნესმენების საქართველოთი დაინტერესებას და მათ მიერ ქვეყანაში უკვე განხორციელებულ ინვესტიციებს.
შეხვედრის დასასრულს ქალბატონმა ლუბნამ გამოთქვა სურვილი მომავალ წელს, თავის ჯგუფთან ერთად ეწვიოს საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით.

