შარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმრო დატოვა – ყოფილი პატიმარი მკვლელობას აღიარებს

შარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმრო დატოვა - ყოფილი პატიმარი მკვლელობას აღიარებს10 წლიანი პატიმრობის შემდეგ, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა. ბარათელი ამბობს, რომ დანაშაული მან ჩაიდინა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ყოფილმა პატიმარმა თქვა, რომ არ იცის, რის საფუძველზე აკეთებენ აკადემიკოს შარაძის ოჯახის წევრები განცხადებებს, რომ ბარათელი უდანაშაულოა.

ბარათელი ამბობს, რომ ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პირადად მას პროკურატურისთვის არ მიუმართავს.

– მე პირადად არავის არ ვადანაშაულებდი არანაირ ზეწოლაში. მე ვარ პატიმარი, ბრალდებული. გამოძიებასთან, პროკურატურასთან და ვისაც პაგონები აქვს, მე მაგ ხალხთან არ ვთანამშრომლობ, – განაცხადა ყოფილმა მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა.

10 წლის შემდეგაც ის მკვლელობის მოტივად შურისძიებას ასახელებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. აკადემიკოსის ოჯახის წევრები მკვლელობის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობდნენ.