შაშკინი – ”ხელისუფლებამ მერაბიშვილი უნდა გაათავისუფლოს”

შაშკინი - ”ხელისუფლებამ მერაბიშვილი უნდა გაათავისუფლოს”ევრო სასამართლოს დიდმა პალატამ „ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეში მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა. „ნიუპოსტთან“ აღნიშნული საკითხი საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა შეაფასა. მისი თქმით, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან.

– სტრასბურგი არის ევროპის უმაღლესი სასამართლო ორგანო, მისი გადაწყვეტილების იგნორირება ყოველთვის იწევს ძალიან მძიმე შედეგებს ქვეყნისთვის და არის უკიდურესად ნეგატიური ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. საქართველო ევროპის ნაწილია და ჩვენ ამის პრეტენზია გვაქვს. უმაღლესმა ორგანოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილი არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი, საქართველოს მთავრობას აქვს მხოლოდ ერთი გზა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვანო მერაბიშვილი. მთავრობის ზოგოერთი წევრი უკვე ცდილობს, რომ იურიდიული ტერმინებით მანიპულირება მოახდინოს და შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა. სასამართლომ თავიდანვე თქვა, რომ მისი პირველი დაკავება იყო უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული და დანარჩენი, რაც არ უნდა ყოფილიყო, სასამართლომ არც იმსჯელა.

მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არაფერი მუდმივი არაფერია, მთავრობები იცვლებიან, ახალი ხალხი მოდის, ძველი მიდის, უნდა გვახსოვდესეს, რომ ყველა წუთი, რომელსაც ვანო მერაბიშვილი უკანონოდ ციხეში გაატარებს და რაც სტრასბურგის დადგენილებით დადასტურდა, ეს არის ამ მთავრობის კოლექტიური პასუხისმგებლობა, მათ უნდა ესმოდეთ, როდესაც არ იქნებიან მთავრობაში, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ სხვადასხვა დონეზე, პირველ რიგში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. უცხოეთი არ გაპატიებს სტრასბურგის მიერ დამტკიცებულ უკანონო პოლიტიკურ პატიმარს, ეს არ იქნება მხოლოდ წულუკიანის პასუხისმგებლობა, რადგან მთავრობას ახასიათებს კოლექტიური პასუხისმგებლობა, – აცხადებს დიმიტრი შაშკინი.