ნუცუბიძის ქუჩაზე, პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ნოდარ შანიძემ პროკურატურა დატოვა.
როგორც მან ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლების კითხვები შეეხებოდა კონფლიქტს მასსა და გიორგი კოპალიანს შორის.
– მე ჩხუბი მომივიდა გიორგი კოპალიანთან, ყველამ იცის, რომ ის ლოთია. გიორგი კოპალიანის გამო არაერთხელ მოსულა უბანში პატრული, – განაცხადა ნოდარ შანიძემ.
რაც შეეხება პავლიაშვილის გარდაცვალების ღამეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მოწმე ამბობს, რომ „ფსიქოტროპული მედიკამენტების შესახებ საუბარი შს სამინისტროს ჟურნალისტის მხრიდან წამოვიდა”.
– მკითხეს, იღებდა თუ არა ფსიქოტროპულ მედიკამენტებსო და ვუპასუხე კი-მეთქი, – აღნიშნა შანიძემ.
ნოდარ შანიძე ამბობს, რომ პაატა პავლიაშვილის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღების შესახებ 25 ოქტომბერს, ინციდენტის დღეს გაიგო. მისივე თქმით, ის, რომ პაატა პავლიაშვილი იღებდა მედიკამენტებს, გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე თავად პავლიაშვილმა განუცხადა.
– მე სიტყვა „ფსიქოტროპული“ გავიგე 25 ოქტომბერს, რას გადაეკიდეთ ამ წამლებს, ხანდახან მეც ვსვამ წამლებს ხოლმე. როდესაც შსს-ს მივეცი ინტერვიუ, იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, ისინი მეკითხებოდნენ, შემდეგ ჩართავდნენ კამერას, სადაც ვპასუხობდი. ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე მათ მკითხეს, ეს მე კი არ მომიგონია, მათი მხრიდან წამოვიდა საუბარი, იღებდა თუ არა მედიკამენტებსო და მე ვუთხარი კი-მეთქი, – განაცხადა ნოდარ შანიძემ.
ცნობისთვის, სწორედ შანიძის ვიდეო გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც შანიძე ყვებოდა, რომ გარდაცვლილი დამოკიდებული იყო ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე.
ნიუპოსტი

