საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები სასამართლო დავისთვის ემზადებიან. საქმე ეხება ბერძნულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 85 წლის მოხუცი დაყაჩაღების მიზნით აწამეს.
სოფიო საკანდელიძე და სოფიო ფხაკაძე რუსთავი2-თან აცხადებენ, რომ როდესაც ეს დანაშაული მოხდა ბერძენ სამართალდამცავებს ისინი სხვა ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული. საბერძნეთში მცხოვრები 8 ქართველი პოლიციამ ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით 18 ოქტომბერს დააკავა, 85 წლის მოხუცის წამების ფაქტი კი 27 ოქტომბერს მოხდა.
მათი თქმით, იმის გამო რომ მათი სახელი მძიმე დანაშაულს დაუკავშირეს მათ პრობლემები ექმნებათ როგორც სამუშაო ადგილებზე, ასევე ბინის მეპატრონეებთან და ქუჩაშიც.
ემიგრანტების ჯგუფი საბერძნეთში საქართველოს დიპლომატიურ მისიას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათი თქმით ისინი ბერძენმა სამართალდამცავებმა ეჭვის საფუძველზე დააკავეს, თითქოს ისინი ხანდაზმულ პირებთან მიდიოდნენ, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებად ეცნობოდნენ, შემდეგ კი ჯგუფის სხვა წევრებს ატყობინებდნენ, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, მათ ეს ბრალდება არ დაუდასტურდათ და გაათავისუფლეს.
ემიგრანტები მედიისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
ნიუპოსტი

