გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც 16 საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ინტენსიური სროლის ხმა კვლავ ისმის.
“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები საცხოვრებელი კორპუსიდან ხელყუმარებს ისროდნენ.
ადგილზე მობილიზებულია 15-მდე სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
სპეცოპერაციის ადგილზე ისნის რაიონის მაჟორიტარი ბექა ნაცვლიშვილი მივიდა და სამართალდამცავებისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, ევაკუირებულია თუ არა მოსახლეობა სპეცოპერაციის ადგილიდან:
„გავერკვიე, ევაკუირებულია თუ არა მოსახლეობა, სამართალდამცავები რასაც თვლიან საჭიროდ, იქ ევაკუირებულია.“- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
დეპუტატის თქმით, სამართალდამცავები თავის კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ და ოპერაცია სამართალდამცავების გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.
დამატებითი დეტალების შესახებ ბექა ნაცვლიშვილს არ უსაუბრია.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, სროლის ხმა ამ წუთებშიც ისმის.
შემოსაზღვრულ პერიმეტრში მოქცეული სახლებიდან მოსახლეობას არ უშვებენ. მათ აფრთხილებენ, რომ ფანჯარასთან არ მივიდნენ.
სპეცოპერაცია გრძელდება.

