ტურინის სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამავე დაწესებულებაში მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ავრცელებს. როგორც თვითმხილველი ამტკიცებს, ცენტრში მომხდარი ჯანყის დროს, ახალგაზრდა კაცს იტალიელი სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტურინში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი გაემგზავრება, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას ჩაატარებს.
უწყების ცნობით, ტურინის სადეპორტაციო ცენტრში ეროვნებით ქართველის შესაძლო გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე სამინისტროშიც შევიდა შეტყობინება. მანამდე საქართველოს საკონსულოს ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციით, ბუნტის დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან,
“დღეს, 16 ნოემბერს, გ.წ. დაუკავშირდა საკონსულო სამსახურს ცხელი ხაზის ნომერზე და აცნობა ქ. ტურინის საიმიგრაციო ცენტრში მომხადარი ბუნტის თაობაზე. მანვე განაცხადა, რომ სადეპორტო ცენტრში გარდაიცვალა ეროვნებით ქართველი, რომელიც ფლობს აზერბაიჯანულ პასპორტს. აღსანიშნავია, რომ საკონსულო სამსახურისთვის ცნობილი იყო ქ. ტურინის სადეპორტო ცენტრში მომხდარი ბუნტის თაობაზე და უკვე 14 ნოემბერს შედგა სატელეფონო საუბარი ქ. ტურინის საიმიგრაციო სამსახურთან ბუნტის თაობაზე ინფორმაციის მოძიების მიზნით, რა დროსაც საკონსულოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ემუქრება საფრთხე. არ დაადასტურეს ბუნტის დროს გარდაცვალების ფაქტი.
გ.წ. სატელეფონო ზარის შემდგომ, საკონსულო სამსახურმა ხელმეორედ გადაამოწმა ინფორმაცია იტალიურ მხარესთან, რა დროსაც კვლავ არ დადასტურდა გ.წ.-სგან მიღებული ცნობები.
აღსანიშნავია, რომ გ.წ. სატელეფონო საუბრისას ითხოვა შეხვედრას საკონსულოს თანამშრომელთან. ამ მოთხოვნის შესაბამისად, საკონსულოს წარმომადგენელი გაემგზავრება ქ. ტურინში, ხოლო იტალიის შესაბამისი ორგანოების მხრიდან სადეპორტო ცენტრში ვიზიტის განხორციელების ნებართვის მიღების შემთხვევაში მოინახულებს მოქალაქეს“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
იმედინიუსი

