“1 მილიონი ლარი მოტეხილია” – დავით ოქიტაშვილი სკანდალში ეხვევა

"1 მილიონი ლარი მოტეხილია" - დავით ოქიტაშვილი სკანდალში ეხვევა„კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი დიდ სკანდალში ეხვევა. „ნიუპოსტს“ ჩაუვარდა სკანდალური დოკუმენტები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისება იკვეთება.

ყველაფერი 2 წლის წინ, თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისას დაიწყო, როცა დავით დოიაშვილის ფირმას 3.800.000 ლარამდე ხელშეკრულება უტენდეროდ გაუფორმეს.

ჩვენი ინფორმაციით, დოიაშვილის დაწინაურებისთანავე, “საქართველოს კულტურის პალატის“ ხელმძღვანელმა იმდენი „იჩალიჩა“, რომ ოლიმპიურმა კომიტეტმა „დოისთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მალევე გაწყვიტა და სწორედ დავით ოქიტაშვილის კომპანიასთან გააფორმა.

საკითხის გამოძიებას ითხოვს ნაციონალური მოძრაობის წევრი, გივი კუბლაშვილი, რომელიც ,,ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ მისი დათვლით, ოქიტაშვილმა 1 მილიონი მიითვისა.

არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ შესაბამის ორგანოებს საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართოს:

“საქართველოს კულტურის პალატა” ააიპ. 2013 წლის გაზაფხულზე, გახსნა. 2015 წლის ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიალისთვის, უტენდეროდ (3 წლით ადრე იცოდნენ და ტენდერი ვერ მოასწრეს) გაუფორმეს ხელშეკრულება დავით დოიაშვილის ფირმას, 3.800.000 ლარამდე. ეს, რომ ოქიტამ გაიგო, მივარდა და იმდენი იჩალიჩა, დოიაშვილს “აახია” ეს კონტრაქტი, გააუქმებინა ოლიმპიურ კომიტეტს და ახალი დაადებინა თავის ფირმაზე – “საქართველოს კულტურის პალატაზე”, ეს გახლდათ 3.500.000 ლარი. სპეციალისტების მიერ უხეში დათვლებით, 1 მილიონი ლარი ასე ვთქვათ ,,მოტეხილია“.

დღემდე დოიაშვილი დაბოღმილი დადის… მე კონტრაქტებით და მხოლოდ ფაქტებით ვსაუბრობ და ფაქტი სახეზეა, ბიუჯეტიდან იპარავენ ფულს და ვერ იყოფენ. როცა ამხელა ფულს ღებულობს ოცნების დახმარებით ბიუჯეტიდან, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დავით ოქიტაშვილი, ამბრეზურასავით ეფარება ოცნებას. ფულის გამო აკეთებენ ყველაფერს თორემ, სინამდვილეში არც სანდრო გირგვლიანი აწუხებთ ამათ და არც ბარბარე რაფალიანცი, არც ის 15 წლის ბიჭები თბილისში რომ მოკლეს. მათი სარწმუნოება ფულია, ფული რომელსაც გაჭირვებული ხალხის ჯიბიდან იღებენ”- აცხადებს კუბლაშვილი „ნიუპოსტთან“.

„ნიუპოსტი“ ბრალდების ადრესატის კომენტარის მოპოვებას ცდილობს. მისი მოპოვებისთანავე დავით ოქიტაშვილისა და დავით დოიაშვილის კომენტარებს შემოგთავაზებთ.

ნიუპოსტი