“გარდაცვლილი ბიჭი ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, თვითონაც უკვირდა, რომ ასეთი ჭრილობა ჰქონდა მუხლის არეში” – ნიკა ვაჩეიშვილი ხორავაზე ჩხუბს იხსენებს

"გარდაცვლილი ბიჭი ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, თვითონაც უკვირდა, რომ ასეთი ჭრილობა ჰქონდა მუხლის არეში" - ნიკა ვაჩეიშვილი ხორავაზე ჩხუბს იხსენებსნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და მისი ოჯახი წევრები ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პოლიციამ დაკითხა.

ამის შესახებ ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მან გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა და იმედი გამოთქვა, რომ დაჭრილი მოზარდის შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა დღეს მომხდარი ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ტრაგედია შუადღისას მოხდა და ის თავადაც შემთხვევით შეესწრო.
– ეს ჰგავდა რაღაცნაირად ამ ბავშვების წინასწარ დაგეგმილ შეხვედრას. დაახლოებით, თხუთმეტნი იყვნენ, შეიძლება ცოტა მეტიც. ეზოში უცბად ხმაური დაიწყო. გადავიხედეთ ეზოში. ჩემმა ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა დავიწყეთ ყვირილი, რომ ახლა პატრული მოვა-თქო, როგორღაც რომ დაგვეშოშმინებინა და შეგვეშინებინა ისინი, მაგრამ ამ ბავშვებს არაფერი ესმოდათ, ისე იყვნენ ჩართულებით ამ ხელჩართულ ომში. შემდეგ დავინახეთ სისხლი. გარდაცვლილი ბიჭი ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, თვითონაც უკვირდა, რომ ასეთი ჭრილობა ჰქონდა მუხლის არეში. ჩავირბინეთ ეზოში, შემდეგ პატრულიც გამოჩნდა, ხალხი შერბოდა ქუჩიდან, სასწრაფოც როგორც იქნა მოვიდა. მოკლედ, რაღაც ვერ არის კარგად, რადგან ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს, – განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა და დასძინა, რომ მანდატური უნდა არსებობდეს და ის ფორმალური არ უნდა იყოს.
ნიკოლოზ ვაჩეიშვილის განცხადებით, მან ამ ტრაგიკულ ვითარებაში ბევრი მინუსი დაინახა. მისივე თქმით, პოლიციაში დარეკვაც გაჭირდა, რადგან ხაზი იყო დაკავებული, რაშიც დრო დაიკარგა.
ნაციონალური მოძრაობის წევრის ინფორმაციით, ის და მისი ოჯახი წევრები პოლიციამ უკვე დაკითხა.

– ჩვენ მივეჩვიეთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიებამდე უნდა აღიკვეთოს პრევენციულად ასეთი შემთხვევები. გამოძიება ჩაატარე, კი ბატონო, მაგრამ რა ეშველება ამ გადასარევ ახალგაზრდებს. პოლიცია რაღაც სხვანაირად უნდა დალაგდეს. ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ ვხედავ, რომ როცა საჭიროა, პოსტფაქტუმ ხდება რეაგირება, უკვე მერამდენე საქმეზე და ეს არის ძალიან სამწუხარო, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.
დღეს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.