“თავისუფალი ზონის” აქტივისტს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც გიორგი კვანჭიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ექიმის განმარტებით, მას ტვინის შერყევა და შესაძლოა, შიდა ქალას ტრავმა აქვს.
ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, თავდასხმამდე, გიორგი კვანჭიანმა გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქციას მიაწოდა ინფორმაცია აშშ-ში გაქცეული ყოფილი პოლიციელების შესახებ, რომლებიც უწყებაში გამეფებულ უკანონობაზე საუბრობენ.
„მოვდიოდი ტაქსით და უცბად, ტაქსიდან რომ ჩამოვედი, წავედი მაღაზიაში – წყალი უნდა მეყიდა. გამოვედი თუ არა, უცნობმა ორმა პიროვნებამ მოულოდნელად მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მუქარა არ ყოფილა, მაგრამ გინება იყო,“ – განაცხადა „თავისუფალი ზონის“ აქტივისტმა გიორგი კვანჭიანმა.
ელისო კილაძის განმარტებით, პატრულის გადამდგარ თანამშრომლებთან სკანდალური ინტერვიუ შსს-ს შესახებ გუშინ Skype-ით ჩაწერეს და ის სამშაბათის ნომრისთვის მზადდება.
„მან დაგვაკავშირა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცეულ ყოფილ პოლიციელს, რომელიც მისი ნათესავია. პოლიციელმა მოგვცა ძალიან სკანდალური ინტერვიუ, რომელიც ეხება შს სამინისტროში გიორგი მღებრიშვილის დროს მიმდინარე მოვლენებს. დაასახელა სკანდალური ფაქტები, სახელები, გვარები და ა.შ. დაახლოებით 40 წუთში ის დაგვიკავშირდა facebook-ის მეშვეობით და გვითხრა, რომ არის ნაცემი,“ – აცხადებს ელისო კილაძე.
გამოძიება 126-ე ცემის მუხლით დაიწყო.
ნიუპოსტი

