გონიოში, ზღვაში დაკარგული სამხედროს ოჯახისთვის თანხის გამოძალვის მცდელობაში ბრალდებული სამი პირიდან ორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ერთი კი გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია სესიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულები ვახტანგ ბოლქვაძე და გია ხიდურელი თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ იქნენ ცნობილები და სასჯელის სახით ბოლქვაძეს 7 წლით და ხიდურელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
რაც შეეხება ჯამბულ შეყილაძეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის წარდგენილ ბრალში გამართლდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ გონიოს ზღვაში დაკარგული სამხედროს, გიორგი ნანეტაშვილის ოჯახს თაღლითურად ფულს სძალავდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ერთ–ერთი ბრალდებული, მისი სახელით ოჯახს წერილებს უგზავნიდა და ატყობინებდა, რომ ის ცოცხალი იყო და ფინანსურ დახმარებას საჭიროებდა.

