სემეკის წევრის გიორგი ფანგანის განცხადებით, წინასწარი მოლოდინით ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი არ უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ ფანგანმა ჟურნალისტებს დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გამართული სხდომის შემდეგ განუცხადა.
– ჩვენ ვფიქრობთ, რომ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი, მართალია რთული სათქმელია, მაგრამ წინასწარი მოლოდინით არ უნდა გაიზარდოს. დღეს რაც ვნახეთ, შეიძლება გაიზარდოს თბოსადგურების გარანტირებული სიმძლავრის საფასური, მხოლოდ – არა ყველა კომპანიისთვის. სხვადასხვა მოცემულობა გვაქვს, – განაცხადა ფანგანმა.
რაც შეეხება საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მოსაზრებას, რომ სემეკმა თბოსადგურების ტარიფი ყოველწლიურად უნდა დათვალოს, რადგან ისინი ბუნებრივი გაზის ფასზე და შესაბამისად, ლარის გაცვლით კურსზე არიან დამოკიდებულები, მარეგულირებელი კომისიის წევრი გიორგი ფანგანი აცხადებს, რომ არსებული მეთოდოლოგიის შეცვლა არ იგეგმება.
– თბოსადგურებთან დაკავშირებით ტარიფები ყოველწლიურად გადაიხედება. ეს ასე იყო დ ასეც დარჩება. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყოველთვიურად დაითვალოს რომელიმე ტარიფი, ასეთ პრაქტიკას მსოფლიოში არ აქვს ანალოგი. დღევანდელი მეთოდოლოგია დარგში არსებულ მოთხოვნებს სრულად პასუხობს, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ კომპანიების ინტერესი სრულად არის გათვალისწინებული და მათ საქმიანობაში პრობლემა არ შეექმნებათ, – განაცხადა ფანგანმა.
შეგახსენებთ, რომ თბოსადგურების ზღვრული ტარიფების დამტკიცება ხვალამდე გადაიდო, რადგან სატარიფო განაცხადების განსხილვის პროცესში ეკონომიკის სამინისტროს ელექტროენერგიის სიმძლავრის ბალანსი ჯერ დამტკიცებული არ ჰქონდა, რის გარეშეც სემეკმა ტარიფი არ დაამტკიცა.
ბიზნესმედია

