გომელაური – “ჩატაევი საქართველოში მწვანე საზღვრით შემოვიდა… იარაღი კი ტყეში სამალავიდან აიღო”

გომელაური - "ჩატაევი საქართველოში მწვანე საზღვრით შემოვიდა... იარაღი კი ტყეში სამალავიდან აიღო"ცოტა ხნის წინ სუსის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურსა და პარლამენტის ნდობის ჯგუფს შორის შეხვედრა დასრულდა. ვახტანგ გომელაურმა ნდობის ჯგუფს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გომელაურის ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებულებმა იარაღი ტყეში არსებული ერთ-ერთი სამალავიდან მოიპოვეს.

ამის შესახებ გომელაურმა ნდობის ჯგუფში გამართული მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამჟამად გამოძიება ექსერტიზის დასკვნებს ელოდება, რათა დადასტურდეს, რომ იარაღები ნამდვილად ამ სამალავებიდანაა ამოღებული.
– ინფორმაციები რაც გვქონდა, ამომწურავად გავაცანით ნდობის ჯგუფს. გავეცი პასუხები იმ კითხვებზე, რაც არის საზოგადოებაში – როგორ გადმოვიდნენ საქართველოში, იარაღი საიდან მოიპოვეს, რას გეგმავდნენ, მომავალში რა უნდოდათ ამ ადამიანებს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონი უფლებას არ მაძლევს, ყველაფერზე ღიად ვისაუბრო, თუმცა, ნდობის ჯგუფს, რაც გვქონდა დადასტურებული ინფორმაცია, გავაცანი.

დადასტურებული გვაქვს ინფორმაცია იარაღთან დაკავშირებით, თუ საიდან მოიძიეს და მიიტანეს სახლში. ტყეშია ნაპოვნი, ერთ-ერთი სამალავიდანაა ამოღებული. ახლა ველოდებით ექსპერტიზებს, რათა მანაც დაადასტუროს, რომ ნამდვილად ამ სამალავიდან არის ამოღებული ეს იარაღები, დაჟანგებული იარაღებია და ადვილად დადგინდება ექსპერტიზით, – განაცხადა გომელაურმა.

მან დასძინა, რომ სამალავების შესახებ ინფორმაცია გამოძიების ფედერალური ბიუროსგან აქვთ.

– აჰმედ ჩატაევმა და მისი გარემოცვის წევრებმა, რომელთა ლიკვიდირებაც სპეცოპერაციისას მოხდა, ე.წ. მწვანე საზღვარი გადმოკვეთეს, – განაცხადა ბ-მა  გომელაურმა.
– რომელი ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთეს თბილისში, კონტრტერორისტული ოპერაციისას ლიკვიდირებულმა პირებმა, ამას ვერ დავასახელებ. ჩვენი ვერსიით, არის ე.წ. მწვანე საზღვრიდან გადმოსული, – აღნიშნა გომელაურმა.