ია მეტრეველს ზვიად კუპრავა თაღლითობაში ადანაშაულებს და პროკურატურაში უჩივის

ია მეტრეველს ზვიად კუპრავა თაღლითობაში ადანაშაულებს და პროკურატურაში უჩივის„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს თაღლითობაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ საჩივარი მთავარ პროკურატურაში შეაქვს.

როგორც „ნიუპოსტს“ კუპრავამ განუცხადა, საუბარია საქმველმოქმედო ფონდ „ქომაგზე“, რომლის შემომწირველების ვინაობა და თანხის განკარგვა გაუმჭვირვალეა.

– საქართველოს პროკურატურა მაღალ ინტერესს ავლენს ფონდებსა და მათი საქმიანობის მიმართ. ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა ფონდი, მათ შორის ფონდი „ქომაგი“და დოკუმენტალურად, ოფიციალურად დადასტურებული გვაქვს, რომ „ქომაგის“ ანგარიშებზე სხვადასხვა პერიოდში შეტანილ იქნა ასობით ათასი ლარი, ხოლო ხარჯვითი ნაწილი გაუმჭვირვალე და ბუნდოვანია, რომელიც ფონდის წესდებით, დეკლარაციაში საქველმოქმედო საქმიანობაში არ აისახება, რაც აჩენს კითხვებს. ჩნდება ეჭვი, რომ ფონდის საქველმოქმედო თანხების ნაწილი პირადი მოხმარებისთვისაა გახარჯული ფონდის ხელმძღვანელობის მიერ. სწორედ ამიტომ საჩივარი შეგვაქვს პროკურატურაში, რომელსაც დოკუმენტუურ მტკიცებულებას ვურთავთ. იმედი გვაქვს, პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას, – აღნიშნა კუპრავამ.

ამასთან, „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში სარჩელი შესაძლოა, ია მეტრეველის დეიდის, მაია ქავთარაძის წინააღმდეგაც შევიდეს, რომელიც თინა ხიდაშელის მრჩეველი და ფონდ „ქომაგის“ თანამშრომელი იყო.

„ნიუპისტი“ კომენტარისთის ია მეტრეველს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა: „კი ბატონო, შეიტანოს. მსგავს სისულელეებზე კომენტარს არ ვაკეთებ“.

ცნობისთვის, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგი“ 2012 წლის 30 აპრილს დააფუძნა ია მეტრეველმა. ია მეტრეველი იმავე დღეს გახდა ფონდის თავმჯდომარე და გამგეობის წევრი. ფონდის პრეზენტაციისას ია მეტრეველმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისას პოლიტიკური დევნით დაზარალებულ მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებას გაუწევდა. ფონდი ასევე, დაუფარავდა უმწეოებს მკურნალობის ხარჯებს. ია მეტრეველი აგრეთვე, აცხადებდა, რომ ფონდი უსამართლოდ წართმეულ სოციალური შემწეობებს აღუდგენდა მოხუცებს. სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულებს, განსაკუთრებით პოლიციელებს დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას მოუხდენდა და პოლიტიკური პატიმრების ოჯახებს გამოუყოფდა 1.500-დან 5/000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ „ქომაგმა“ არსებობა შეწყვიოტა.