იასონ ბესელია – ”ირაკლი და დავით ბერიშვილები ბრალს აღიარებენ”

იასონ ბესელია - ”ირაკლი და დავით ბერიშვილები ბრალს აღიარებენ”კალათბურთის დაკავებული მსაჯების – ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს აღიარებენ, გამოძიებასთან თანამშრომლობენ და თავს დამნაშავედ გრძნობენ.

შესაბამისი განცხადება ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბარში სუს-იდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც ამ წუთებში ირაკლი და დავით ბერიშვილების დაკითხვა მიმდინარეობს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები სამართალდამცველებმა დღეს, თბილისში დააკავეს. ამასთან, ადვოკატ იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალს სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარუდგენენ.
– ისინი დღეს დააკავეს კომერციული მოსყიდვის ფაქტზე. კალათბურთის ფედერაციის ეგიდით ე.წ. ჩაწყობილი თამაშების ბრალდებით, თუმცა ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ მათთვის. დაკავებულებს ედავებიან იმას, რომ გარკვეული თამაშების სანაცვლოდ აიღეს უკანონოდ გარკვეული ანაზღაურება. მათი პოზიციაა ის, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ისინი აცხადებენ, რომ მათ აიღეს გარკვეული თანხა და დანაშაულს აღიარებენ, თუმცა რომელ თამაშებზეა საუბარი ვერ გეტყვით, ამას გამოძიება დაადგენს, – განაცხადა ადვოკატმა.
ასევე უფლებადამცველის განმარტებით, ვისთან ერთად მოქმედებდნენ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ირაკლი და დავით ბერიშვილები, ვერ დააკონკრეტებს, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ ისინი დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ. მისივე განმარტებით, ამ სქემას გამოძიება დაადგენს.