ილო ტუღუშის მეუღლე – ”ჩემს ქმარს 5.000 ლარს სთხოვდნენ, მოკლულია ჩემი ქმარი” – ფეხბურთის მსაჯის გარდაცვალების ახალი დეტალები

ილო ტუღუშის მეუღლე - ”ჩემს ქმარს 5.000 ლარს სთხოვდნენ, მოკლულია ჩემი ქმარი” - ფეხბურთის მსაჯის გარდაცვალების ახალი დეტალებიდღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მსაჯის, ილო ტუღუშის, ცხედარი მალთაყვის ტყეში იპოვეს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, თუმცა ოფიციალური ვერსიის ოჯახს არ სჯერა.

გარდაცვლილის მეუღლე და დედა „კურიერს“ იმ ინციდენტის შესახებ უყვებიან, რომელიც მსაჯის გაუჩინარებას წინ უძღოდა.

გუშინ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მსაჯს უცნობმა პირებმა სახლში მიაკითხეს და დაძაბული საუბრის დროს ფულს სთხოვდნენ. არის ვერსია, რომ შესაძლოა, ილო ტუღუშის სიკვდილი ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდებოდეს.

– აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე იყო საუბარი. ეძებდნენ ჩემს ქმარს, არ ვიცი რა მოხდა. თანამდებობა უნდოდათ და ვერ დასვა ჩემმა ქმარმა და სთხოვდნენ ჩემს ქმარს. 5.000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი, – განაცხადა ილო ტუღუშის მეუღლემ, ეკა ტუღუშმა.

ანალოგიურს ჰყვება გარდაცვლილის დედა. მანანა ტუღუში ამტკიცებს, რომ მისი შვილი მოკლეს.

ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტში კი ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ რამდენიმე საათის წინ გაიგეს. კომიტეტის თავმჯდომარე ვერსიას, რომ შესაძლოა, ილო ტუღუშის სიკვდილი ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდებოდეს, გამორიცხავს. ლევან მიქელაძე ამბობს, რომ გარდაცვლილი მსაჯი იყო და მას კავშირი არ ჰქონია გუნდთან.

რუსთავი 2

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ილო ტუღუში ერთ-ერთ სასტუმროში შენიშნეს, თუმცა ამ ინფორმაციას სააგენტო ვერ აზუსტებს.
ილო ტუღუში ცხოვრობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში, რომელიც მალთაყვიდან მინიმუმ 15-20 კილომეტრითაა დაშორებული.
რატომ აღმოჩნდა ქართველი მსაჯი მალთაყვაში, როცა ახლა არც საკურორტო დროა და საფეხბურთო სეზონიც დასრულებულია, ძნელი სათქმელია.
უკავშირდება თუ არა თვითმკვლელობა პროფესიულ საქმიანობას, ჯერჯერობით უცნობია.
„გურია თუდეი“ წერს, რომ გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, პროზექტურაშია გადასვენებული და მას ექსპერტიზა უტარდება.