16 წლის მოზარდი, რომელიც სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ახლა დიღმის მთავარ სამმართველოში იმყოფება.
მას, სავარაუდოდ ბრალს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რამდენიმე საათში წარუდგენენ.
საუბარია იმ არასრულწლოვნის მკვლელობაზე, რომელიც გუშინ შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა დაკავებულთან ადვოკატები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით გუშინვე დააკავეს. ამ საქმეზე 1 მოზარდი მიმალვაშია და მას პოლიცია ეძებს.
დღეს ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდი გარდაიცვალა. 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. 51-ე სკოლასთან მომხდარი შემთხვევისას ცივი იარაღით ერთი მოსწავლე მუცლის, მეორე კი ფეხის არეში იყო დაჭრილი. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
იმედინიუსი

