კრწანისის რაიონის გამგებლის ლევან ჯაფარიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული პირი კრწანისის გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომელია. ამის შესახებ ლევან ჯაფარიძემ დღეს თბილისის მერიაში ჟურნალისტებს განუცხადა.
– ჩემთვის მხოლოდ ის დეტალებია ცნობილი, რაც გამოძიებამ მოგვაწოდა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. გამოძიების ინფორმაციით, ქრთამის სახით 1.000 ლარამდე თანხაზეა საუბარი. ეს პირი გამგეობაში 2013 წლიდან მუშაობს, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მერაბ გ. დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ის პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, 25 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 1.000 ლარის გადახდა მოსთხოვა.
ინტერპრესნიუსი

