„მათე მოტორსის“ დამფუძნებელ გელა ბარკალაიას 6 წელი და 10.000 ლარი მიესაჯა ქალის წამებისა და შანტაჟისთვის

„მათე მოტორსის“ დამფუძნებელ გელა ბარკალაიას 6 წელი და 10.000 ლარი მიესაჯა ქალის წამებისა და შანტაჟისთვისდამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელ გელა ბარკალაიას სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა, ბრალდებულის მიმართ. მას ბრალად ედებოდა წამება, ე.ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციისა და აღიარების მიღება, პირის დაშინება, იძულება და დასჯა. საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა დახურულ სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ჩადენის ფაქტი.

სასჯელის სახედ და ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მასვე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 10.000 ლარის ოდენობით“, – წერია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

კომპანია “მათე მოტორსის” მფლობელი გელა ბარკალაია 2017 წლის 4 მარტს დააკავეს. უცნობი ქალი „მათე მოტორსის“ მეპატრონეს წამებისა და შანტაჟისთვის უჩიოდა.

გელა ბარკალაია 2009 წელსაც დააკავეს. ბიზნესმენს რამდენიმე მანქანაც ჩამოართვეს. მას ქონება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2015 წლის 24 სექტემბერს მთავარმა პროკურატურამ დაუბრუნა.

იმედინიუსი