”მინდა, ჩემი თავი ცოტა ხნით დავსაჯო” – ხორავაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელი პატიმრობას არ გაასაჩივრებს

”მინდა, ჩემი თავი ცოტა ხნით დავსაჯო” - ხორავაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელი პატიმრობას არ გაასაჩივრებსხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არ გაასაჩივრებს.

– თვითონ ფაქტი იმდენად რთულია, განვიცდი და მინდა, ჩემი თავი ცოტა ხნით დავსაჯო, საზოგადოებისგან იზოლირება მინდა, – ამბობს ბრალდებული.

ადვოკატ დარეჯან ბუცხრიკიძის თქმით, ბრალდებულს, რომელიც ერთ-ერთი მოსწავლის მამა და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, „საზოგადოებისგან იზოლირება უნდა“.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა, თუმცა აქვე ბუცხრიკიძე აღნიშნავს, რომ ბრალდებული აპირებდა პოლიციაში მისვლას შვილთან ერთად, რათა მომხდარის შესახებ განეცხადებინა.

გარდა ამისა, დღესვე გაირკვა, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გადაწყვეტილებას აღარ გაასაჩივრებს. ადვოკატი მერაბ მამულაძე აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მოთხოვნით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე არ გაასაჩივრებს.

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია.