სოფელ კარალეთში 70 წლის ნადია პაპუკიშვილის სასტიკ მკვლელობას სოფელში ძარცვას უკავშირებენ. თუმცა, მოკლულის ნათესავებისთვის გაუგებარია მკვლელობის აღნიშნული მოტივი, რადგან ფიქრობენ, რომ გარდაცვლილს ფული არ ექნებოდა.
– ცემით მოუკლიათ, ნაწვალები იყოვო. დანით არ არის მოკლული. 4 შვილი ჰყავს, მაგრამ სახლში მარტო იყო. ბიჭი რუსეთში ცხოვრობს. ამ ზაფხულს აქ იყო, სახლები გააკეთა და წავიდა და მარტო დატოვა დედა. რა უნდოდათ, ფული თუ უნდოდათ, ამას რის ფული ექნებოდა, პენსიონერ ქალს ფული საიდან უნდა ჰქონოდა? – აცხადებს მოკლულის ნათესავი თამაზ პაპუკიშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
გორის რაიონში სასტიკი მკვლელობა 3 დეკემბერს გვიან ღამით მოხდა. პაპუკიშვილი სახლში მარტო ცხოვრობდა. ის დილას ახლობლებმა გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ნიუპოსტი

