კარალეთში პოლიციაა მობილიზებული. როგორც “ნიუპოსტის” კორესპონდენტი ადგილობრივ მაცხოვრებლებზე დაყრდნობით იტყობინება, სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება 2 დღის წინ სოფელში მოკლული 68 წლის ნადია პაპუკიშვილის საქმეს უკავშირდება.
კერძოდ, ადგილობრივების მტკიცებით, პოლიციამ მოხუცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 20 წლამდე მამაკაცი დღეს დააკავა, მის ოჯახს კი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მოკლულის ნათესავების შესაძლო თავდასხმისაგან იცავენ. კარალეთში ამბობენ, რომ დაკავებული მოკლულის მეზობელია და მისი სახელი და გვარი სოფელში მომხდარ კრიმინალურ ფაქტებშიც ფიგურირებს. როგორც “ნიუპოსტს” შსს პრესსამსახურში განუცხადეს, კარალეთში სამართალდამცველთა მობილიზება საგამოძიებო ღონისძიებებს უკავშირდება. მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავებასთან დაკავშირებით კი ძალოვან უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

