სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის და პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ imedinews-თან პირველ კომენტარს აკეთებს.
ნატა მაჩალიკაშვილის თქმით, გამომძიებლებმა მას ჰკითხეს იყო თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილი “ისლამური სახელმწიფოს” წევრი.
“მეკითხებოდნენ ჩემი ძმა სად იყო სწორედ იმ ღამეს, როცა ხეობაში სპეცოპერაცია დაიწყო. ვუპასუხე, რომ ის სოფელში, სახლში მეგობრებთან ერთად იყო. კიდევ მკითხეს “ისლამური სახელმწიფოს” რომელიმე დაჯგუფების წევრი ხომ არ იყო , რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი ცალსახად დაჯგუფებასთან რაიმე კავშირის შესახებ უარყოფითი იყო”,- ამბობს დაჭრილის და.
თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობის კურსს ამ დრომდე თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. ის ისევ მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაშია. მისი მდგომარეობა მძიმეა.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები და ოჯახის წევრები დაკითხვაზე წუხელ გვიან ღამე დაიბარეს.
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. წინასწარი და ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.
სუსის ცნობით, 26 დეკემბერს დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.
აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურშიდაადასტურეს.
ასევე, ცნობილია ვინ დააკავეს და ვინ მოკლეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს.

