დღეს პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის შვილი დააკავა.
ზურაბ ნონიაძის სახლში სამართალდამცავები იარაღს ეძებდნენ.
მალხაზ თვაური 8 საათიანი ჩხრეკის შემდეგ აიყვანეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ შს თანამშრომლები სამჯერ შემობრუნდნენ ადგილზე და ოჯახს იარაღის უკანონოდ შენახვის ორდერი წარუდგინეს, თუმცა მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ცეცხლსასროლი იარაღი ვერ აღმოაჩინეს, ახალგაზრდა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წაიყვანეს.
ხურაბ ნონიაძე შვილის დაკავებაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს და არ გამორიცხავს, რომ მის შვილს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდონ.
ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ დაკავებულის ცოლი და შვილები პოლიციამ გააშიშვლა.
ენმ-ს აქტივისტის შვილის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მ.თ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, მ.თ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიეთილენის პარკში შეფუთული ფხვნილი ამოიღეს. ბრალდებულმა გამოკითხვისას აღიარა, რომ ამოღებული ფხვნილი მისი კუთვნილი იყო და ნარკოტიკულ საშუალებას – ე.წ. „სირეცს“ წარმოადგენდა. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მ.თ.-ს ნარკოტიკული საშუალებების – ოპიუმისა და ამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

