სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
ომბუდსმენი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს და ახლობლების ბრალდებებს დეტალურად შეისწავლის.
– ჩვენი წარმომადგენელი უკვე ესაუბრა დაჭრილი ოჯახის წევრებს. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ოჯახის წევრების განცხადება და სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თუ რა ვითარებაში მოხდა დაჭრა პირის, ურთიერთგამომრიცხავია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავერთვებით ამ საკითხის შესწავლის პროცესში. გარკვეულ ინფორმაციებს ველოდებით და ბუნებრივია, გვექნება შესაბამისი პოზიცია, რომელსაც დავაფიქსირებთ ამ საკითხთან მიმართებით, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სპეცოპერაცის შედეგად პანკისის ხეობაში 4 პირია დაკავებული. ერთ-ერთი მათგანი სოფელ დუისში მცხოვრები 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრილია. ოჯახის ინფორმაციით ახალგაზრდას მაშინ ესროლეს როცა ეძინა.
დაკავებულები არიან ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის მეზობლები ხიზირ მარგოშვილი, რუსლან ალხანაშვილი და სოფელ ომალოში მცხოვრები ბადო ჩოფანაშვილი.
ნიუპოსტი

