პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებული ბრალს არ აღიარებს

პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებული ბრალს არ აღიარებსსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის ირაკლი ბენიას განცხადებით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ აღიარებს ბრალდებას, რასთან დაკავშირებითაც ის არის აყვანილი.

ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ბენიას თქმით, ის თავისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა, თუმცა მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

– ოფიციალურად ბრალი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ არ აქვს წაყენებული, ბრალის ფორმულირებაც არ ვიცით. რა ფაქტთან დაკავშირებითაც არის დაკავებული, ის ამ ბრალდებას არ აღიარებს, – განაცხადა ადვოკატმა.

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. წინასწარი და ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუსის ცნობით, დღეს დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.

აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურშიდაადასტურეს. 

ასევე, ცნობილია ვინ დააკავეს და ვინ მოკლეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისდროს.