ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეების მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა 1 ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა. როგორც ხათუნა ბარაბაძემ განაცხადა, ორივე ბრალდებული მათი სკოლის მოსწავლეა.
– სამწუხაროა, როდესაც ჩვენი სკოლს ორი მოსწავლე ამ ფაქტში მონაწილეა. ძალიან ვწუხვარ. ერთი, რომელიც იძებნება, სკოლაში საერთოდ არ ბრძანდებოდა. მეორე მოსწავლე 6 გაკვეთილის მსვლელობას ესწრებოდა და შემდეგ, რაც მოხდა მოხდა. როგორ გავიდნენ, სად მივიდნენ, ამას პროკურატურა დაადგენს. სკოლის ხელმძღვანელებს და ასევე 51-ე სკოლის მოსწავლეებს საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა. მსგავსი ფაქტი, რომ დაპირისპირება ან ღელვა იყო არ შეიმჩნეოდა. ადამიანი, რომელიც ჯიბეში დანას ჩაიდებს, მე ვფიქრობ, რომ ის პოტენციური მკვლელია,- განაცხადა სკოლის დირექტორმა.
პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის თქმით, გამორიცხული არაა, რომ სკოლის ტერიტორიაზე ცივი იარაღით შესვლა შესაძლებელია.
– ჩვენ არაერთხელ ჩაგვიტარებია ჩხრეკა ოღონდ დადასტურებული ეჭვის შემთხვევაში. დეტექტორები არის მაგრამ ეს იმხელა სკოლაა, რომ თუ დადასტურებული ეჭვი არ არის კონკრეტული მოსწავლის მიმართ ჩხრეკას ვერ ვატარებთ,- განმარტა ბარაბაძემ.
1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
იმედინიუსი

