რატომ “გააშავეს” გია გაჩეჩილაძის სიძის კომპანია

რატომ "გააშავეს" გია გაჩეჩილაძის სიძის კომპანიატენდერში გოგი თოფაძის შვილის კომპანია “ჰიუნდაი ავტომ” გაიმარჯვა

ტენდერები და გაშავებული კომპანიები. რომელი სამინისტროების უკანონო ქმედებების გამო გაშავდნენ კომპანიები?

მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) კომპანია “სიტროენ ჯორჯიას” წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია. “სიტროენ ჯორჯიას” წარმომადგენელმა სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.

აღნიშნულ განცხადებებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, მზად არის, თანამდებობა დატოვოს.

უფლებადამცველი და დავების საბჭოს წევრი მამუკა ტუსკაძე, რომელიც მონაწილეობდა დავების საბჭოში დავების განხილვაში და ხელი აქვს მოწერილი დასკვნებზე, “ახალ თაობას” სკანდალთან დაკავშირებული ვითარების შესახებ უყვება.

– ბატონო მამუკა, თქვენ “ახალ თაობასთან” არაერთხელ ისაუბრეთ ტენდერებთან დაკავშირებულ დარღვევებზე დედაქალაქის მასშტაბით. ამჯერად სკანდალის სახე მიიღო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე კომპანია “სიტროენ ჯორჯიას” წარმომადგენლებისა და მომღერალ და ბიზნესმენ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) განცხადებებმა. რა იცით ამ საქმესთან დაკავშირებით?

– მე ვარ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს წევრი. დავების საბჭოში კომპანიები ასაჩივრებენ, თუ ტენდერის ჩატარებისას რაიმე საეჭვო შენიშნეს და ფიქრობენ, რომ ტენდერი არასწორად ჩატარდა. დავების საბჭოში 1 ივნისს განვიხილეთ გიორგი შარაშიძის საჩივარი, რომელიც ეხებოდა ჯანდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიის N3 ოქმის ბათილად ცნობას. დავების საბჭომ გადაწყვიტა, ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა საჩივარი. მათ შორის ამ დოკუმენტზე მეც მაქვს ხელი მოწერილი. ჯანდაცვის სამინისტროს დავავალეთ, თავიდან ემსჯელა წინადადებაზე და კანონისმიერი და შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო. ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერი 10 მანქანაზე ჰქონდა გამოცხადებული.

– ნაწილობრივ დაკმაყოფილებაში რა იგულისხმება?

– კომპანია ითხოვდა, მთლიანად გააუქმეთ და დაავალეთ ჯანდაცვის სამინისტროს, ხელშეკრულება ჩვენთან გააფორმოსო. ჩვენ მარტო გავაუქმეთ და თავიდან განხილვა მოვთხოვეთ.

– ტენდერის ხელმეორედ ჩატარება?

– არა. მესამე ოქმით ამ კომპანიას მისცეს დისკვალიფიკაცია. კომპანია ითხოვდა, გააუქმეთ და მე მომანიჭეთ გამარჯვებაო. ჩვენ გამარჯვება არ მივანიჭეთ შარაშიძეს, უბრალოდ, გავაუქმეთ და დავავალეთ ჯანდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიას, თავიდან ემსჯელა. მათ იმსჯელეს და ძალაში იგივე გადაწყვეტილება დატოვეს. იმავე ტენდერზე ისევ მოვიდა საჩივარი, “სიტროენ ჯორჯიას” წარმომადგენელმა გიორგი შარაშიძემ ისევ გაასაჩივრა. 17 ივლისს მეორედ განვიხილეთ სატენდერო კომისიის N4 ოქმი და ისიც ნაწილობრივ დავაკმაყოფილეთ. ისევ ჩვენ არცერთი მხარე არ გამოვაცხადეთ გამარჯვებულად, ისევ გავეცით დასკვნა და ჯანდაცვის სამინისტროს ისევ დავავალეთ, ემსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტრომ კვლავ უარი თქვა, N5 ოქმით უარი უთხრა და “სიტროენ ჯორჯიას” საბოლოო დისკვალიფიკაცია მისცა.

– დისკვალიფიკაციის მიზეზი რა იყო?

– არაკეთილსინდისიერი ქმედება.

– რით გამოიხატა ამ კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქმედება?

– “სიტროენ ჯორჯიას” მიერ ჩამოყვანილ მანქანებში უნდა დამონტაჟებულიყო სპეციალური სამედიცინო აპარატურა, რომლის საშუალება ჰქონდა სხვა კომპანიას, რომლის სერტიფიკატში შეეპარათ ეჭვი. მას სერტიფიკატი აქვს გაყალბებულიო. სინამდვილეში ასე არ იყო.

– თქვენ თქვით, რომ “სიტროენ ჯორჯიას” ამის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭეს.

– დიახ, მეორე კომპანიის “ავტოსპეცპრომის” გამო.

– ეს კომპანიები ერთმანეთთან დაკავშირებული კომპანიებია?

– დიახ. “სიტროენ ჯორჯიას” მანქანები ჩამოჰყავს, მეორე კომპანია კი სამედიცინო აპარატურას ამონტაჟებს. 17 ივლისის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში კიდევ ერთხელ ჩატარდა სატენდერო კომისიის სხდომა, N5 ოქმი გაფორმდა და საბოლოოდ მისცა დისკვალიფიკაცია. N5 ოქმი “სიტროენ ჯორჯიას” ჩვენთან აღარ გაუსაჩივრებია. ეს N5 ოქმი “სიტროენ ჯორჯიამ” წაიღო კონკურენციის სააგენტოსა და სასამართლოში. დავების საბჭომ ორჯერ მივეცით მითითება, ჯანდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიას ემსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება მაინც არ იქნა მიღებული.

– დავების საბჭოს მითითების იქით უფლებამოსილება არ გააჩნია?

– პრაქტიკულად, დავების საბჭო არის უუფლებო ორგანიზაცია, დავების საბჭო, სადაც მე ვარ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციის კვოტით, ხმისა და ხელმოწერის უფლებით.

– თქვენი შეფასებით, ეს გაშავებული ორგანიზაცია, “სიტროენ ჯორჯია” შავ სიაში არასწორად მოხვდა?

– “სიტროენ ჯორჯია” ოთხჯერ არის გაშავებული. გაშავება მოხდა სწორედ ამ ამბების შემდეგ. მიმაჩნია, რომ “სიტროენ ჯორჯიას” შავ სიაში მოხვედრა პირდაპირ კავშირშია ამ ტენდერთან.

– ანუ უნდოდათ, ტენდერში სხვას გაემარჯვა და “სიტროენ ჯორჯიას” შეგნებული დისკვალიფიკაცია მოახდინეს?

– დიახ. თქვენ სწორად ჩასწვდით პრობლემის არსს. შეიძლება “სიტროენ ჯორჯია” ძალიან ცუდი კომპანია იყოს, მაგრამ, რადგან გინდა, ტენდერში სხვას გაამარჯვებინო, ამიტომ არ უნდა დაჩაგრო. ასე რომ, პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. სიტყვა აქვს ნათქვამი.

– სიტყვა კი აქვს ნათქვამი, მაგრამ რატომღაც დარწმუნებულია თავისი ჩინოვნიკების კეთილსინდისიერებაში. რომელი ჩინოვნიკი ტყუის?

– ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახური.

– სკანდალი გია გაჩეჩილაძის განცხადებამ გამოიწვია.

– დიახ, “სიტროენ ჯორჯიას” მფლობელი გიას სიძეა, თორემ გია გაჩეჩილაძე რა შუაშია. რეალურად ის სიძეს ლობისტობს. ძალიან კარგი პიროვნებაა გიორგი შარაშიძე. მას ლობისტი არ სჭირდება. ამით გია გაჩეჩილაძემ თავისი განცხადებებით სიძეს საქმე გაურთულა.

– ასე ფიქრობთ?

– დიახ, განაცხადა, რომ პრემიერი მისი ძმაკაცია. თუ პრემიერი ძმაკაცია, ხომ მიიღო შედეგი. პრემიერი რა შუაშია? პრემიერი მართლა მიეხმარებოდა, გია გაჩეჩილაძეს რომ არ განეცხადებინა, პრემიერი ჩემი ძმაკაციაო.

– პრემიერი როგორ დაეხმარებოდა?

– დაეხმარებოდა დავების საბჭოს დასკვნებით. დავების საბჭომ, ანუ სახელმწიფომ ორჯერ დავავალეთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ საკითხი ადეკვატურად განეხილა, მაგრამ არ გაითვალისწინეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ეჭვის საფუძველია?

– “სიტროენ ჯორჯიას” პირდაპირ პრემიერისთვის უნდა მიემართა?

– “სიტროენ ჯორჯიამ” ყველაფერი ძალიან სწორად გააკეთა. დამნაშავეა ჯანდაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის სამინისტრომ თავისი უკანონო ქმედებებით დღეს ორ ბავშვობის მეგობარს შორის გიორგი კვირიკაშვილსა და გია გაჩეჩილაძეს შორის საშინელი უფსკრული გააჩინა. ეს არის წმინდა ზნეობრივი მხარე. დავების საბჭომ ყველაფერი კვალიფიციურად ჩაატარა. დავების საბჭოს ერთადერთი მინუსი აქვს, ძალიან ცოტა უფლება აქვს, ამ ბაზარზე მარეგულირებელი ვერ არის. მეორე – გია გაჩეჩილაძეს ვინ ეკითხება ამ საქმეს, რატომ არის ამ საქმეში ჩართული.

– როგორც მოქალაქეს, ხომ აქვს უფლება, ხმამაღლა თქვას, როცა გაიგო, რომ რაღაც უკანონო ხდება.

– უბრალოდ, პრემიერ-მინისტრით არ უნდა ეტრაბახა. სხვა დროს ტელევიზიით აქვს გაცხადებული, 24 საათი პრემიერ-მინისტრთან ვზივარო და მერე მოდის დავების საბჭოზე. გავლენა უნდოდა მოეხდინა. ეცლია “სიტროენ ჯორჯიას” წარმომადგენლისთვის.

– პრემიერის განცხადებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, გია გაჩეჩილაძეს არავითარი გავლენა არ ჰქონია.

– მე გიდასტურებთ, რომ პრემიერ-მინისტრს დავების საბჭოზე გავლენა არ აქვს.

– მე გია გაჩეჩილაძის ღია განცხადება არც გამკვირვებია. ის აქტიური მოქალაქე იყო ყოველთვის. გავიხსენოთ საკნების აქცია. როგორ ფიქრობთ, პრემიერს რატომ არ ჰქონდა ამ დავასთან დაკავშირებით ინფორმაცია?

– ათასობით ტენდერი ტარდება. ყველაფერზე პრემიერ-მინისტრი ხომ არ იქნება საქმის კურსში. არც არის ვალდებული, პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს ინფორმაცია, თანაც პრემიერმა თანაშემწის მეშვეობით არჩია მასთან ურთიერთობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გია გაჩეჩილაძესთან ურთიერთობა არ უნდა.

– ამ შემთხვევაში პრემიერი სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირია და ძმაკაცობა არაფერ შუაშია. გადაწყვეტილება სწორად მიუღია, მაგრამ გადადგომით რატომ უნდა გადადგეს? რა, პრემიერს სიტყვაზე იჭერთ, რომ ამბობთ, უნდა გადადგესო?

– პრემიერმა თქვა, თუ დადასტურდება, ჩემი სამინისტროებიდან რომელიმემ არაკეთილსინდისიერი ქმედება ჩაიდინა, მაშინ მე გადავდგებიო. კი, ვუდასტურებ, ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, კონკრეტულად ამ ტენდერთან დაკავშირებით.

სხვა ტენდერებთან დაკავშირებითაც იგივე ხდება. მაგალითად, განათლების სამინისტროს ტენდერებთან დაკავშირებითაც იგივე ხდება.

– იქ ვინ ტყუის?

– იქაც მთავრობა ტყუის, ანუ შემსყიდველი ორგანიზაცია, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. იგივე ხდება უამრავ სახელმწიფო დაწესებულებაში.

– ტენდერებში დაჩაგრული ორგანიზაციები შეგიძლიათ დაასახელოთ?

– მაგალითად, შპს “რეგისტრატორი”, რომელიც დაჩაგრა განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ.

– ვისი კომპანიები?

– მოქალაქეების.

– რომელიმე პარტიასთან დაკავშირებული კომპანიები ხომ არ არის?

– არა. ასევე შპს “ენსისი” დაჩაგრა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.

– დაჩაგვრაზე რატომ საუბრობთ, რეალურად ამ კომპანიებს ეკუთვნოდათ ტენდერში მოგება და არ მოაგებინეს?

– დიახ, დოკუმენტაცია წესრიგშია, წესით, პრობლემა არ უნდა ჰქონოდათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სხვამ გაიმარჯვა. ძალიან ძლიერი კომპანიებია.

– რა ინტერესებია ჩართული ამ საკითხში, რატომ უნდა ეთქვათ უარი ერთი კონკრეტული კომპანიისთვის, თუკი ის მეორეს სჯობდა?

– როცა ერთს დისკვალიფიკაციას აძლევ, მოგება მეორე კომპანიაზე გადადის. მეორე კომპანია თუ შენია, ბუნებრივია, ინტერესი გაქვს. ვინც ლობირებს, მათი კომპანიები მონაწილეობენ.

– ვისმა კომპანიამ გაიმარჯვა?

– ტენდერში გოგი თოფაძის შვილის კომპანია “ჰიუნდაი ავტომ” გაიმარჯვა.

– სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიას არ გაუმარჯვია?

– არა. ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანია მეოთხე ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ შპს “სიტროენ ჯორჯიამ” განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიამ 2017 წლის 12 დეკემბერს სსიპ კონკურენციის სააგენტოს წარუდგინა საჩივარი შპს “კია მოტორს ჯორჯიას”, სს “ფრანს ავტოს”, შპს “იბერია ავტოს”, შპს “ჯი-თი მოტორსის”, შპს “სტრადა მოტორსის”, სს “ჰიუნდაი ავტო საქართველოს” წინააღმდეგ.