რუსლან ალდამოვს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

რუსლან ალდამოვს მარიამ კუბლაშვილი დაიცავსსპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსლან ალდამოვის უფლებებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს, თუმცა როგორც ადვოკატმა განმარტა, საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია და  შესაბამისად გამოკვეთილი პოზიცია არ აქვს, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით წაუყენეს ბრალი დაკავებულს.

კუბლაშვილი უკვე შეხვდა მისი დაცვისქვეშ მყოფს და როგორც ადვოკატი ამბობს, ალდამოვი არის დაბნეული და ვერ აკეთებს ვერანაირ კომენტარს. ხვალ სასამართლოში რუსლან ალდამოვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება.

სუსის ინფორმაციით, დაკავებულ ოთხ ადამიანთან ერთად რუსლან ალდამოვი აჰმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს თბილისში ბინის შოვნაში დაეხმარა. ამ ფაქტს, დაკავებამდე “იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსლან ალდამოვი უარყოფს. ის აცხადებს, რომ ჩატაევს საერთოდ არ იცნობდა.

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა, რომლებიც აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

დაკავებულებს ბრალი დღეს წარედგინათ. მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე. 

აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს. 

ასევე, ცნობილია ვინ დააკავეს და ვინ მოკლეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს.