პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
19 წლის ბიჭს ტყვია თავსა და მკლავში აქვს მოხვედრილი.
ექიმების შეფასებით, მდგომარეობა მძიმეა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, “ახმეტის რაიონში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირი, თემირლან მაჩალიკაშვილი შეეცადა ხელყუმბარა მოქმედებაში მოეყვანა”.
უწყების ცნობით, “დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება”.
საბოლოო ჯამში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი.
სუს-ის მტკიცებით, ისინი დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.
სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, რომ დაკავებულები საერთაშორისო ტერორისტ ახმედ ჩატაევს ქვეყანაში უკანონოდ შემოღწევაში დაეხმარნენ.
ნიუპოსტი

