ადვოკატი – ”ანატოლი ბერძენიშვილს ხიზრი მარგოშვილთან ცხვრის საერთო ბიზნესი ჰქონდა”

ადვოკატი - ”ანატოლი ბერძენიშვილს ხიზრი მარგოშვილთან ცხვრის საერთო ბიზნესი ჰქონდა”სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის მიმართ ბრალის წარდგენა მიმდინარეობს.
როგორც ჟურნალისტებს ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე დაკავებულის ადვოკატმა მაია სირაძემ განუცხადა, მას ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადასცემია. ადვოკატისთვის ასევე უცნობია, დაარღვევს თუ არა ბრალდებული დუმილის უფლებას.
ჟურნალისტის კითხვაზე, იცნობდა თუ არა ანატოლი ბერძენიშვილი ხიზრი მარგოშვილს, რომელიც პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ანალოგიური ბრალდებით დააკავეს, ადვოკატი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მარგოშვილთან ბავშვობიდან მეგობრობდა და ჰქონდა საერთო ბიზნესი. დაკავებული უარყოფს აგრეთვე სახაზინო ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ბერძენიშვილს ურთიერთობა ჰქონდა ახმედ ჩატაევთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან.
– სავარაუდოდ, საქმის მასალებს გადმომცემენ და შემდგომ დაიწყება ბრალის წარდგენა. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაარღვევს თუ არა დუმილის უფლებას. ხიზრი მარგოშვილთან ანატოლი ბერძენიშვილი 17 წელია მეგობრობს, მათ ჰქონდათ ცხვრის საერთო ბიზნესი. ისინი სხვადასხვა რაიონებში ერთად დადიოდნენ, ყიდულობდნენ ცხვრებს და აბარებდნენ ინვესტორს. რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, ალბათ იცნობდა, თუმცა ურთიერთობა არ ჰქონია. რაც შეეხება ჩატაევს, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ თემაზე ჩვენ არ გვისაუბრია. ბრალის წარდგენის შემდგომ აუცილებლად შევხვდები ბერძენიშვილს პირისპირ და ამ და სხვა საკითხებზე აუცილებლად ვისაუბრებთ, – განაცხადა მაია სირაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული ბერძენიშვილი ახმედ ჩატაევის და მის დაჯგუფების დასახმარებლად თურქეთში იმყოფებოდა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბერძენიშვილი ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს საქართველოს საზღვრის მწვანე ზოლის გადაკვეთაში დაეხმარა. ანატოლი ბერძენიშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.