დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედდა

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედდასაქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედდა. ახალი რეგულაცია ძალაში პირველი აინვრიდან შევიდა. ცვლილება გულისხმობს 5.000 ლარის ფარგლებში ყველა საბანკო დეპოზიტის დაზღვევას.
კომერციულმა ბანკმა ფონდში ერთჯერადი 100-ათას ლარიანი შენატანი უნდა განახორციელოს. ამის შემდეგ ბანკი ვალდებულია ყოველთვიური შენატანები განახორციელოს. დარღვევის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ბანკს მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან ჯარიმა დააკისროს.
რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს:
ა) შესაბამის კომერციულ ბანკში ეროვნული ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს;
ბ) შესაბამის კომერციულ ბანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებისა და ზედამხედველობისთვის შეიქმნა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო. მისი უფროსი საპენსიო რეფორმის სამსახურის ყოფილი უფროსი ოთარ ძიძიკაშვილია. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსს 5 წლის ვადით თანამდებობაზე 5 წევრისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო დანიშნავს, რომლის შემადგენლობაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კიდევ ორი დამოუკიდებელი წევრია, რომელსაც კომერციული ბანკები ფარული კენჭისყრით აირჩევენ.
“საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვის მიზანს კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებით ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა, დანაზოგების წახალისება, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და შიდა და გარე შოკების შემსუბუქება წარმოადგენს”,- ეწერა კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ბიზნესმედია