„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულისთვის საქართველოს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„2018 წლის 19 იანვარს შ.ი. ბრალდებულის სახით თბილისში დააკავეს მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს და ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვს პატიმრობის შეფარდებას. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული შ.ი. ძალადობის ბრალდებით 19 იანვარს დააკავეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ალექსანდრე კვახაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ.
მისივე თქმით, თავდამსხმელები კონკრეტულ თანხას ითხოვდნენ და უარის მიღების შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. კვახაძემ აღნიშნა, რომ ფიზიკური დაზიანებები მას საკუთარ სახლთან მიაყენეს.

