ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებს, ვინაიდან მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
დეკანოიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ „მოსამართლე არევაძე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე ობიექტური იქნება“.
– მოსამართლე არევაძე და პროკურორი ნადარეიშვილი სახაზინო ადვოკატს, რომელიც ითხოვდა ვადას, რათა გაცნობოდა რამდენიმეტომიან საქმეს, მოექცნენ საშინლად არაობიექტურად, როდესაც მას უწოდეს ოროსანი მოსწავლე და არ მისცეს გონივრული ვადა. საკუთარი ადვოკატების აცილება მიხეილ სააკაშვილმა იმიტომ მოითხოვა, რომ არ ენდობა იმ მართლმსაჯულებას, იმ სასამართლოს, რომელიც მას პოლიტიკური ნიშნით ასამართლებს. შესაბამისად, არ მაქვს დიდი მოლოდინი მოსამართლე არევაძის და პროკურორ ნადარეიშვილის მხრიდან ობიექტურობის… გირგვლიანის საქმის პროკურორი ასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას, ვინაიდან საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება. ყველაფერი დაფუძნებულია ირიბ მტკიცებულებებზე, მათ შორის, ბურჯანაძის და ოქრუაშვილის ჩვენებებზე. ყველაფერი დაფუძნებულია ჭორებზე. ეს პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, – თქვა ოპოზიციის ლიდერმა.

