საგამოძიებო ჯგუფი პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში იმყოფება. თბილისიდან ჩასული პროკურატურის გამომძიებლები მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.
ექსპერტები შემთხვევის ადგილს კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ და ოჯახის წევრებს ადგილზე გამოკითხავენ.
თავის მხრივ, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ჩართვას გეგმავს მაჩალიკაშვილის ოჯახი.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ექიმების კონსილიუმზე ითქვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირება დასაშვებია.
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.
სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.

