მთავარმა პროკურატურამ ციანიდის საქმეში მორიგი სიახლის შესახებ გვამცნო. თებერვალში მამა გიორგი მამალაძის დაკავებიდან ერთი წელი გადის და ამ დროის მანძილზე საგამოძიებო უწყებამ ვერ მიაკვლია პირს, რომლისგანაც დეკანოზმა ციანიდი შეიძინა.
დაცვის მხარის მტკიცებით, მამა გიორგის ციანიდი არ შეუძენია და ამიტომაც არ არსებობს ბუნებაში ასეთი პირი. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის მტკიცებით, გამოკვეთილია კონკრეტული პირი, რომელთანაც დეკანოზი გიორგი მამალაძე გერმანიაში წასვლის წინ აწარმოებდა მოლაპარაკებას რაღაცის შესაძენად.
წიკლაურის განცხადებითვე, აღნიშნული პირი მამალაძის გერმანიაში გამგზავრებამდე დმანისში იმყოფებოდა.
– გამოძიების შედეგად გამოკვეთილი არის კონკრეტული პირი, რომელთანაც გიორგი მამალაძე სწორედ გერმანიაში გამგზავრების წინ აწარმოებდა აქტიურად მოლაპარაკებას – 2.500 აშშ დოლარის სანაცვლოდ რაღაცის შესაძენად, რასაც საუბარში არ აკონკრეტებს.
ამ პირმა იცრუა დაკითხვისას და განაცხადა, რომ მამალაძე თანხას თითქოს ბანკის სესხის დასაფარად აძლევდა. ამასთანავე, დავადგინეთ, რომ ეს პირი მამალაძის გერმანიაში გამგზავრების წინა დღეებში იმყოფებოდა დმანისში, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც იცრუა, რომ დმანისში არასდროს იყო ნამყოფი. ეს გარემოება არ იქნებოდა საეჭვო, რომ არა ერთი დეტალი – დმანისი არის რეგიონი, სადაც საქმიანობს ერთადერთი კომპანია საქართველოში “არემჯი გოლდი”, რომელიც საქმიანობაში იყენებს ნატრიუმის ციანიდს, ვინაიდან ამ ეტაპზე გამსაღებლის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება არის საჭირო, საქმეზე ამ ეტაპზეც გრძელდება გამოძიება, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა “პრაიმ-თაიმთან” საუბარში.
პირი, რომელზეც ჯარჯი წიკლაური საუბრობს ლაშა დვალიშვილია. მისი მეუღლე მამა გიორგის ნათესავია.
მედიასთან საუბარში დვალიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებამ ამ საკითხზე არაერთხელ დაკითხა.
ჯარჯი წიკლაურის მიერ ნახსენებ თანხასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მას და დეკანოზს ერთმანეთისთვის ფული არაერთხელ უსესხებიათ.
პროკურორისგან განსხვავებით, ის დმანისში წასვლაში კრიმინალს ვერ ხედავს.
– მე საქართველოს მოქალაქ ვარ და ხან ქუთაისში ვიქნები, ხან თბილისში და ხან დმანისში, – განუცხადა ჟურნალისტებს ლაშა დვალიშვილმა.
დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება მიზანმიმართულად ცდილობს სასამართლოს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურამ დვალიშვილზე ზეწოლა განახორციელოს.
მიხეილ რამიშვილი:
– მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ჯარჯი წიკლაურის ეს განცხადება საზოგადოების შეცდომაში ისახავს მიზნად. რაღაც სისულელეს იგონებენ და მას ისე ფუთავენ, თითქოს მართლა ჰქონდა დანაშაულს ადგილი.
ამ განცხადებას შევადარებდი გასული წლის მარტში პროკურატურის მიერ ჩანაწერების გასაჯაროებას. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩანაწერები საგამოძიებო უწყებამ სინოდის სხდომის წინა დღეს გამოაქვეყნა.
მაშინ პროკურატურა ამ ჩანაწერებით სინოდის წევრებზე ზეგავლენის მოხდენას შეეცადა. ანალოგიური ხდება ახლა – სააპელაციო სასამართლო დასასრულს უახლოვდება, 31 იანვარს ჩვენ, დაცვის მხარემ, უნდა ვთქვათ დასკვნითი სიტყვა. პროკურატურას ამ არარსებული სიახლით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მოსამართლის ჩაფიქრება სურს, რათა მან სამართლიანი განაჩენი არ გამოიტანოს.
– ლაშა დვალიშვილზე რისი თქმა შეგიძლიათ?
– ის და დეკანოზი არიან ნათესავები. ეს პროკურატურამაც მშვენივრად იცის. საგამოძიებო უწყებაში ისიც კარგად იციან, რომ დეკანოზს მისთვის ციანიდის შესაძენად ფული არ მიუცია.
დვალიშვილმა წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოზეც ყველა კითხვას დეტალური პასუხი გასცა. წიკლაურის ბოლო განცხადების შემდეგ მან მედიის კითხვებსაც უპასუხა. თანხასთან დაკავშირებით ალალად თქვა, რომ იმ დროს უჭირდა და მამა გიორგი ფულით დაეხმარა. ახლა პროკურატურას ისეთი სურათის დახატვა უნდა, თითქოს ეს თანხა მას მამაომ ციანიდის შესაძენად გადასცა.
მთელი ერთი წელი რას აკეთებდნენ? ყველამ ვიცით, რომ მამა გიორგიზე ხორციელდებოდა თვალთვალი. ლამის ერთი წელი გავიდა და სხვა სიახლე ვერ დაადგინეს? სირცხვილია. დვალიშვილი მართლა ციანიდის შემძენი და მომტანი რომ ყოფილიყო, ამდენი ხანი იქნებოდა ამაზე რეაგირება. როგორც უკვე გითხარით, დეკანოზს სუსი უთვალთვალებდა.
ლაშა დვალიშვილი პროკურატურის მიერ არაერთხელ დაიკითხა პროკურატურის მიერ. სასამართლოზე იყო მცდელობა, მისთვის ისეთი კითხვები დაესვათ, რომლებიც ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდება.
– რა კითხვები იყო ასეთი?
– ისე უსვამდნენ კითხვებს, რომ პასუხი მათთვის სასურველი ყოფილიყო. ამაზე დვალიშვილს სათანადო რეაგირება ჰქონდა. შეიძლება რაღაც გაწყობდეს, მაგრამ ის რეალობასარ უნდა იყოს აცდენილი.
– სინოდის ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ციანიდის საქმის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნას. თქვენი ინფორმაციით, შეიქმნა ასეთი კომისია?
– ვერაფერს ვერ გეტყვით ამაზე. ჩვენც ის ვიცით, რომ საპატრიარქოში სპეციალური კომისიის შექმნა გადაწყდა, რომელიც ამ საქმეს შეისწავლიდა. შექმნეს თუ არა კომისია, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ სინოდს მხოლოდ ერთი მხარისთვის აქვს მოსმენილი. სინოდის წევრები მხოლოდ პროკურატურის წარმომადგენლებს უსმენდნენ. ჩვენდა სამწუხაროდ, არ მოხდა დაცვის მხარის მოსმენა.
– რატომ არ მოისურვეს თქვენი მოხმენა?
– ვერ გეტყვით, ეტყობა, ამით გარკვეული პირები იყვნენ დაინტერესებული. როცა რაღაცის გაანალიზებას და მასზე რეაგირების მოხდენას აპირებს, ორივე მხარეს უნდა მოუსმინო. მარტო ბრალდების მხარის მოსმენას თუ აპირებ, მაშინ რაღას ქმნი კომისიას. ბრალდება ისედაც ამბობს, რომ დანაშაული დადასტურებულია.
– მამა გიორგისთან დაკავშირებით თუ არის რაიმე სიახლე? არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ მას გარკვეული პრობლემები ექმნება. ამბობენ, დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიაში შესვლის ნებასაც არ აძლევენო.
– მამაოს ბევრ რამეში ეშლება ხელი. მის მიმართ არ არის ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ყველა პატიმრის მიმართ უნდა იყოს. ეტყობა, ვიღაცები ცდილობდნენ, რომ მომხდარიყო მისი სულიერი გატეხვა, რომ დეკანოზს მათთვის სასურველი ჩვენება მიეცა.
– დაკავების დღიდან დეკანოზი ზიარებას ითხოვს, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ მამაოს აზიარებდნენ. ამ მიმართულებით რა ხდება?
– დაპირება დაპირებად რჩება. მამაო არ უზიარებიათ და არც აღსარების ჩაბარების უფლებას აძლევენ. ესეც ძალიან უცნაურია. უცნაური კი არა, აღმაშფოთებელია, როცა სასულიერო პირები ასე ექცევიან სხვა სასულიერო პირს.
– სინოდს პირადად თქვენც მიმართეთ და მეუფე იაკობთან დაკავშირებით საეკლესიო სასამართლოს ჩატარება მოითხოვეთ. ამ მიმართულებით თუ არის რაიმე სიახლე?
– არანაირი სიახლე არ არის. ვიდრე საეკლესიო სასამართლოს მოვითხოვდი, თავად მეუფესთანაც ვცადე შეხვედრა. როცა ის ტელევიზიით გამოვიდა და ჩემ მიმართ ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა, მე მას მოკლე ტექსტური შეტყობინება მივწერე და შეხვედრა ვთხოვე.
ამის გარდა, დავუკავშირდი სხვა სასულიერო პირებს და მათ ვთხოვე, დამხმარებოდნენ ეპისკოპოსთან შეხვედრაში. მეუფე იაკობმა თავი მოიკლა და არ შემხვდა.
ახლა ეგრე არაა, ადამიანზე ასე თქვა რამე. შეიძლება მაღალი სტატუსი გქონდეს, მაგრამ ეს არ გაძლევს იმის უფლებას, რომ ზომიერების საზღვრებს გადახვიდე.
მე ჩემი პატივი და ღირსება მაქვს, რომლის შელახვასაც არავის ვაპატიებ. ამიტომ მივმართე საეკლესიო სასამართლოს. სინოდის წევრები, სჯულის კანონით, ვალდებული არიან, ეს საქმე განიხილონ და გადაწყვეტილება მიიღონ. ამ მოთხოვნას ვერავინ გაექცევა. მეუფე იაკობს მოუწევს თავისი ნათქვამის დამტკიცება ან უარყოფა. ის ვინმემ თუ შეცდომაში შეიყვანა, ეს ჩემი პრობლემა არაა.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

