ოზურგეთის #2 საჯარო სკოლაში მანდატურმა მოსწავლეს იარაღი აღმოუჩინა. ამის შესახებ “ნიუპოსტს” ადგილობრივმა კორესპოდენტმა აცნობა.
მისი ინფორმაციით, მანდატურები მაღალი კლასის მოსწავლეებს ყოველდღიურად ამოწმებენ, ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს კი, მათ ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.
#2 საჯარო სკოლაში უფროსკლასელი მოსწავლისგან მანდატურის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას უარყოფს ამავე სკოლის დირექტორი, ფატი სიორიძე.
დირექტორი ადასტურებს, რომ მანდატურმა ერთ-ერთ მოსწავლეს რაღაც ნივთი ჩამოართვა, თუმცა მისი თქმით, ეს არ იყო ცეცხლსასროლი იარაღი, არამედ “რაღაც უცხო ნივთი იყო”.
კონკრეტულად რა ნივთზეა საუბარი, ეს სიორიძემ არ იცის.
რაც შეეხება მანდატურს, ის კომენტარს არ აკეთებს. მისი თქმით, ინფორმაცია პოლიციას უკვე მიაწოდა.
შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ “მანდატურის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს საქმის შესწავლა”
ნიუპოსტი

