მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რუსთავთან ახლოს სამართალდამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს აწარმოებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო ღონისძიებები გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ტარდება.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები. მყვინთავები და მაშველები ამ წუთებში მდინარე მტკვარში ნავით არიან შესული და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
ქუთათელაძის მკვლელმა, სავარაუდოდ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იარაღი და ტანსაცმელი სწორედ მტკვარში გადაყარა.
გუშინ გვიან ღამით ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას განმეორებითი დაკითხვა დასრულდა.
როგორც გიორგი ჭანტურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებს საქმის ირგვლივ დამატებითი კითხვები ჰქონდათ.
გიორგი ჭანტურიას ადვოკატი არ გამორიცხავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში კვლავ დაიბარონ.
მკვლელობის გამოძიების პროცესში ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია 17 იანვარს დააკავეს, ოფიციალურად მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. მოგვიანებით, ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.
გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.
იმედინიუსი

