სასამართლომ ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე კეზერაშვილი გაამართლა

სასამართლომ ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე კეზერაშვილი გაამართლათავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

„მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდებამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებების ერთობლიობა, რითაც ბრალს დაადასტურებდა“, – განაცხადა მოსამართლემ.

გამოძიების ინფორმაციით, კეზერაშვილმა 2010 წელს, ფოთის პორტში ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი ჩამოართვა მამა-შვილ ნიჟარაძეებს. გამოძიების მასალებით, კეზერაშვილმა თამაზ ნიჟარაძეს ქონება იძულებით, მუქარით დაათმობინა.

საქმეზე განხილვა ორ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე დავით კეზერაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია  ტელეკომპანია „იმედში“ შემოჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე. ამ საქმეზე ის მიხეილ სააკაშვილთან და ზურა ადეიშვილთან ერთად არის ბრალდებული.