„სილქნეტი“ „ჯეოსელს“ 153 მილიონ დოლარად ყიდულობს

„სილქნეტი“ „ჯეოსელს“ 153 მილიონ დოლარად ყიდულობს„სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანიების გაერთიანება უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტების და სერვისების უფრო ფართო არჩევანს და გაზრდილ წვდომას საერთაშორისო ექსკლუზიურ კონტენტზე”, – აცხადებენ „სილქნეტში“.

გარიგების ღირებულება 153 მლნ. აშშ დოლარია.

„ჩვენ მივესალმებით „სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ მაღალი პროფესიონალიზმით და კორპორაციული კულტურით გამორჩეული გუნდების შეერთებას. ეს გარიგება აგრძელებს ჩვენი ჯგუფის მრავალწლიან ტრადიციას, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას დანარჩენ მსოფლიოსთან და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაში”, – აღნიშნა „სილქნეტის“ და მისი დამფუძნებელი კომპანიის “სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ შესყიდვა 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

26 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად შეიქმნება სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც სილქნეტის ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას „ჯეოსელის” მობილურ სერვისებთან გააერთიანებს.

იმედინიუსი