რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრის ებრაელი მეწილე ერთკვირიან დუმილს არღვევს. იუზიელ ნონი, რომელიც რუსთავის ბაზრის 28%-იანი წილის მფლობელია, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ქრონიკასთან პირველ კომენტარს აკეთებს.
– ძალიან აღვშფოთდი, რაც ვნახე. სიცრუეა და დეზინფორმაცია, რაც მედიაში მოვისმინე. მე დაკითხვაზე არაფერი მითქვამს ქუთათელაძის დაპირისპირებაზე. მე პოლიციისთვის არაფერი მითქვამს. საინტერესოა, ვის ინტერესებში იყო ამ ინფორმაციის გასაჯაროება, ალბათ ამ ვითომ ჩვენების გამოქვეყნება ვის აწყობდა. სოსო ბრწყინვალე პიროვნება იყო, არ მჯერა, რომ მას ვინმესთან იმ დონის დაპირისპირება ჰქონდა, რომ მოეკლათ, ამას ვერ ვიჯერებ. რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას, ვიცი, რომ ის ფლობდა გარკვეულ მიწის ნაკვეთს. მას გარკვეული რაოდენობის დახლები ჰქონდა ჩვენს ბაზარში, რამდენი, არც ვიცი. მომიჯნავე ფართზეა საუბარი, მხოლოდ ეს ვიცი. ცოტა დროს ვატარებ მე ბაზარში, არ ვიცი, იყო თუ არა დაპირისპირება. არ ვიცი, ვის უნდოდა მისი მოშორება, არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი მსხვერპლი მე ვიყო, – განაცხადა ებრაელმა ბიზნესმენმა.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.
გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.
იმედინიუსი

