“რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის შემდეგ, რომლითაც ყველის ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები დასაშვებ ნორმაზე მეტის აღმოჩნდა, კერძო სექტორი სურსათის ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.აღმოჩნდა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მხოლოდ იურიდიულად რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორებს ამოწმებს. ხოლო იმ პროდქუციის კონტროლი, რომელიც არაეტიკეტირებულია და ძირითადად ბაზრობების გარე პერიმეტზე იყიდება, მათ კომპეტენციაში არ შედის.
“ჩვენ ვაკონტროლებთ ბიზნესოპერატორებს, რომელთაც აქვთ იურიდიული ფორმა და რეგისტრირებულები არიან. რომც არ იყვნენ რეგისტრირებულები მაინც კონტროლდებიან და რეგისტრაციის უქონლობის გამო ჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი უჩერდებათ. რაც შეეხება გარევაჭრობას, ეს არ შედის სააგენტოს კომპეტენციაში. ეს არის აკრძალული საქმიანობა შესაბამისი ნებართვის უქონლობის შემთხვევაში. ამ ნებართვებს გასცემენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. როგორც ნებართვის გაცემა, ისე კონტროლი, მათი კომპეტენციაა”,-განუცხადა BM.GE-ს სეს-ის სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მიქაძემ.
სეს-ის ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში რძის პროდუქტების საწარმოების 424 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა. მათ შორის, 11 მწარმოებელს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდნენ კრიტიკული შეუსაბამობის გამო. ხოლო 56 ბიზნესოპერატორს სხვადასხვა სახის დარღვევების გამო ადმინისტრაციული სახდელები შეეფარდათ.

