ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება ყოველდღიურად უარესდება. ამ მხრივ 2018 წელი საშინლად დაიწყო. ფაქტიურად დღე ისე არ გადის, ვინმე არ მოკლან. ყაჩაღობები თითქმის ჩვეულ ამბად იქცა.
სად დაუშვა ხელისუფლებამ შეცდომა, რატომ მატულობს კრიმინალი, დარჩნენ თუ არა შსს-ში პროფესიონალები, არის თუ არა თავად პოლიცია დაცული? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წევრი, ქართველ პოლიციელთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ჭაია ესაუბრება.
– ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება საშინლად დამძიმდა. არც აქამდე იყო კარგი მდგომარეობა, მაგრამ შს მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა დანაშაული. ეს გახარიას ბრალი არ არის, მაგრამ რაღაც ნამდვილად წესრიგში არ არის. თქვენი აზრით, რა ხდება?
– ის რაც ახლა ხდება, არის იმ პრობლემების შედეგი, რაც ამ წლების მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგროვდა. კრიმინალის მატება თავიდანვე შესამჩნევი იყო, მაგრამ თავიდან გვეუბნებოდნენ, რომ გვეჩვენებოდა, შემდეგ გვითხრეს, რომ ასეთი დანაშაულები ადრეც ხდებოდა და მათ მედია არ აშუქებდა.
გიორგი გახარიამ აღიარა, რომ რთული ვითარებაა. მან თქვა, რომ მომატებულია ორგანიზებული დანაშაული. მან არსებული ვითარება რბილად შეაფასა, სინამდვილეში გვითხრა, რომ ქვეყანა თავზე გვექცევა.
სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ ჯერ კიდევ 2013 წელს შეიმუშავა რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთებულიყო. მათი გათვალისწინება არ მოხდა და დღეს გვაქვს ძალიან მძიმე სურათი.
დანაშაული ყველა მიმართულებით მომატებულია. წინა ხელისუფლების დროს ბინის გაძარცვის ფაქტები აღარ იყო. ახლა ასეთ დანაშაულებებსაც ვხვდებით.
მომატებულია ყაჩაღობაც. საკმაოდ გახშირდა თავდასხმები მოხუცებზე. ბოლო პერიოდში ათეულობით ასეთი შემთხვევა მოხდა. აღსანიშნავია, რომ ადგილი აქვს მოხუცების წამებას, არაადამიანურ მოპყრობას. რამდენჯერმე ასეთი თავდასხმები ლეტალური შედეგით დასრულდა.
მომატებულია ქალთა მიმართ ძალადობა. წელიწადში მარტო ოჯახური ძალადობის შედეგად 20-25 ქალს კლავენ, თორემ მოკლულთა, დაჭრილთა და დასახიჩრებულთა რიცხვი ყოველწლიურად ასეულებს აღწევს.
ქალთა მიმართ ასეთი ძალადობის ფაქტები საქართველოში მხოლოდ ფეოდალურ ეპოქაში ხდებოდა, ისიც მტრების შემოსევის დროს.
საგანგაშო ვითარებაა გზებზე. გაზრდილია არასრულწლოვანთა სიკვდილიანობა ავტოსაგზაო შემთხვევებში.
მომატებულია დანაშაული თავად მოზარდებშიც. რამდენიმე დღის წინ ხაშურში სკოლის მოსწავლეებმა დაჭრეს ერთმანეთი. უფრო ადრე თბილისში სკოლის 2 მოსწავლე მოკლეს თანატოლებმა. იმ დღეებში 17 წლის მოზარდი მოკლეს იმერეთში.
მოზარდების მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტები ძალიან გახშირდა. მათგან შემდგარი ბანდები ყოველდღიურად რამდენიმე მაღაზიას ქურდავენ.
თბილისში ბრენდი, ქსელი და მაღაზია აღარ დატოვეს გაუქურდავი, ბავშვების ამ ბანდების 95%-ს ასაკით გაცილებით უფროსები უდგანან სათავეში, გაქურდული ობიექტებიდან ბავშვებს ფულის და ბოლო დროს მობილური ტელეფონების გარდა, სხვა ნივთების წამოღებას უკრძალავენ. ნაქურდალის ლომის წილს ბანდების ,,ატამანები” ითვისებენ, ხოლო ბავშვებს გროშებს უყრიან. ასჯერ შევთავაზეთ სახელმწიფოს რეკომენდაციები, როგორ უნდა გამოგლიჯოს ეს ბავშვები დამნაშავეთა სამყაროს და დაღუპვას გადაარჩინოს, მაგრამ, შეაყარე კედელს ცერცვი!
– სამართალდამცავები თავს იმით იმართლებენ, რომ კანონი არ აძლევთ მათ იმის უფლებას, რომ დამნაშავე ბავშვებს ებრძოლონ.
– კანონი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას არ კრძალავს. მონდომების შემთხვევაში კანონის შეცვლაც შეიძლება.
ბანკების დაყაჩაღებაც ჩვეულებრივ ამბად იქცა. იგივე ვითარებაა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან დაკავშირებით. რეგიონებში ეს აპარატები სოფლებიდან რაიონულ ცენტრებში გადაიტანეს, მაგრამ ამას მაინც არაფერი ეშველა.
მძიმე ვითარებაა ნარკოტიკების კუთხითაც. თბილისის ახლოს ნარკოტიკები თავისუფლად იყიდებოდა, მათი რეალიზაცია ხდებოდა ერთ-ერთ ფესტივალზე. სანამ ფესტივალზე ახალგაზრდა გოგონა არ დაიღუპა და ხალხმა პროტესტი არ გამოხატა, ხელისუფლებამ ამისთვის ვერ მოიცალა.
– ძალოვან უწყებებში წინა ხელისუფლების კადრები მრავლად დარჩნენ. არის ვერსია, რომ მომატებული კრიმინალი მათი დამსახურებაა. ამ ვერსიის მე ნაკლებად მჯერა, მაგრამ საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი მხრიდან საბოტაჟს აქვს ადგილი. თქვენ რას ფიქრობთ?
– ეს არის ზღაპრები. ასეთი ლოზუნგები გასული საუკუნის 20-იან წლებში ბოლშევიკებს ჰქონდათ – კადრები წყვეტენ ყველაფერს, სიკვდილი საბოტაჟნიკებს და ა.შ.
ის რაც დღეს ხდება, იმ შეცდომების დამსახურებაა, რასაც ამ წლების მანძილზე ჰქონდა ადგილი. არსებული ვითარების გამოსწორება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.
– არის ასეთი ვერსიაც, რომ შსს-ში პროფესიონალები აღარ არიან და ამიტომაც ვერ ებრძვიან კრიმინალს ეფექტურად. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უწყება ბევრმა პროფესიონალმა დატოვა.
– შსს-ში პროფესიონალები ისევ არიან. მათ გავლენები არა აქვთ. თუ ხელისუფლების ნება იქნება, ისინი გააკეთებენ თავის საქმეს.
სამართალდამცავთა დაცვის ლიგა და ქართველ პოლიციელთა ასოციაცია მზად ვართ, რეკომენდაციებით დავეხმაროთ შსს-ს. ჩვენ უამრავი რეკომენდაცია გვაქვს მზად.
– გიორგი გახარიასთან თუ გქონდათ რაიმე კომუნიკაცია ამ რეკომენდაციების გასაცნობად?
– არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. სურვილის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ჩვენი რეკომენდაციები მივაწოდოთ.
გიორგი გახარიამ თქვა, რომ ბევრი რამე შესაცვლელია და რაღაცების შეცვლაც დაიწყო. ეს საკმარისი არ იქნება. მარტო თანამდებობის პირების შეცვლა ვითარებას ვერ გამოასწორებს. აქ ქირურგიული ჩარევაა საჭირო.
საგანგაშოა, რომ შსს-ში სისტემური დანაშაული დაბრუნდა. ამას აუცილებლად უნდა მიხედოს ხელისუფლებამ და მინისტრმა.
სამწუხაროდ, პოლიცია არ არის აპოლიტიკური. 1989 წლიდან ამ სისტემაში ვართ და დღემდე ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პოლიცია აპოლიტიკური იყოს.
უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს თავად პოლიცია არის დაუცველი. ის ყველა მხრიდან განიცდის ზეწოლას. ყველა მას აკრიტიკებს. ძალიან ცუდია ისიც, რომ წლიდან-წლამდე პოლიციის მიმართ ნდობა მცირდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
ამან უკვე გამოიღო შედეგი. საქართველო აღარ არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ლიდერთა შორის. აღარც თბილისი შედის ყველაზე დაცული დედაქალაქების ათეულში.
როდესაც პოლიცია დათრგუნული და დაუცველია, ის სხვას ვერ დაიცავს. პოლიციელების დიდი ნაწილი მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია. მათი ხელფასი არ გაზრდილა. ის ხელფასი, რასაც ისინი იღებენ, თითქმის მთლიანად სამომხმარებლო სესხების დასაფარად სჭირდებათ. გამოდის, რომ იარაღიანი პოლიციელი მთელი თვე მშიერი უნდა იყოს.
ბევრი რამეა შესაცვლელი შსს-ში. ჩვენ მზად ვართ რჩევებით და რეკომენდაციებით დავახმაროთ. რაც უფრო დაგვიანდება ცვლილებების გატარება, მით უფრო რთული იქნება სიტუაციის გამოსწორება. ადრე თუ ამის გამოსწორებას 6 თვე სჭირდებოდა, ახლა 2 წლიანი ყოველდღიური მუშაობაა საჭირო.

