ზაზა სარალიძე – “დათოს დაჭრისას ორი დანა გამოიყენეს, ცხვარივით დაკლეს ჩემი შვილი”

ზაზა სარალიძე - "დათოს დაჭრისას ორი დანა გამოიყენეს, ცხვარივით დაკლეს ჩემი შვილი"ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ყველა თვითმხილველს მოუწოდებს, რომ სიმართლე თქვან. როგორც ზაზა სარალიძემ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, მას სურს, რომ არც ერთი დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი. ამასთან, მოკლული მოზარდის მამა იმედოვნებს, რომ ხორავას ქუჩაზე მყოფი მოზარდები იტყვიან საბოლოოდ თუ რა მოხდა რეალურად.
– ერთადერთი სიმართლე არის ის, რომ საპირფარეშოში, სადაც დაპირისპირება დაიწყო, დათო არ ყოფილა. ვესაუბრე ბავშვებს, მათ შორის დათოს შეყვარებულს, რომელმაც თქვა, რომ დათო იმ დროს ჩემს გვერდით იყოო. მერე ხორავას ქუჩაზე რა მოხდა, ბუნდოვანია. ექსპერტიზის პასუხებით დადასტურდა, რომ დათოს დაჭრისას ორი დანა გამოიყენეს და ორივე საქმეში დევს. გამორიცხულია დათო ერთს დაეჭრა, ერთი დანით. მაშინ ნავარჯიშები ყოფილა კაცის კვლაში. დათო ფიზიკურად ძლიერი იყო, ტანადი და მას ერთი და ორი კაცი ვერ მოერეოდა. თუ მართლა მარტო ამ ორმა ბიჭმა მოკლა დათო, მაშინ ჩავთვლი, ჩემს შვილს მიუცია ნება, რომ მოეკლათ და არაფერი უღონია, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
რაც შეეხება მეორე მოკლულს, როგორც დავით სარალიძის მამა ამბობს, ლევან დადუნაშვილი იმ გაუგებრობაში, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა, შემთხვევით მოხვდა.
– ზუსტად რა მოხდა, ოთხმა კაცმა იცოდა – ლევანმა, დათომ და ორმა მკვლელმა. რატომ მოკლეს ლევანი, ამაზე პასუხი არ მაქვს, ალბათ დაინახა ის, რაც არ უნდა დაენახა. მკვლელობას პირველი დაკავებული აღიარებს, მეორის ადვოკატი კი ამბობს, რომ მის კლიენტს სარალიძისთვის სასიკვდილო ჭრილობა არ მიუყენებია. რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ჭრილობა მიაყენა? მოსაკლავად რომ გაიმეტა ხომ ფაქტია? ცხვარივით დაკლეს ჩემი შვილი… საქმის მასალებით დანაშაულის ახალი ფიგურანტები არ იკვეთება, მაგრამ ჩემი აზრით, 25-ივე მონაწილე დამნაშავეა. იმედია არსებით განხილვაზე ბევრი რამ გამოიკვეთება, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

ინტერპრესნიუსი