ზვიად კუპრავა – “პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მონაწილეებს ხელს აფარებს”

ზვიად კუპრავა - "პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მონაწილეებს ხელს აფარებს"ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა, რომელსაც 2 მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, დღემდე ბევრ საიდუმლოს მალავს. აქამდე არსებულ კითხვებს და ეჭვებს რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი დაემატა – ფარდული, სადაც მოზარდებმა ჩხუბი დაიწყეს, პოლიციის ნებართვით დაანგრიეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მიიჩნევს, რომ ფარდული კვალის დაფარვის მიზნით იქნა დანგრეული.
“ახალ თაობასთან” საუბარში კუპრავა ამბობს, რომ ეჭვებს პროკურატურის სხვა ნაბიჯებიც აჩენს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას მასზე თავდასხმა განხორციელდა. კუპრავა ამ თავდასხმას რამდენიმე ფაქტს უკავშირებს. ერთ-ერთ ვერსიად სწორედ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას განიხილავს. მოკლული მოზარდის, დავით სალარიძის, მამა მისი მეგობარია. კუპრავა ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული და საქმესთან დაკავშირებით არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა.
რატომ არ სჯერა დაღუპულების ოჯახებს გამოძიების, რატომ მალავს პროკურატურა სისხლიან გარჩევაში მონაწილე მოზარდების ნაწილის ვინაობას, რა კითხვები არ დაუსვა საგამოძიებო უწყებამ ექსპერტიზას? – ამის შესახებ ზვიად კუპრავა “ახალ თაობას” ესაუბრება.
ზვიად კუპრავა:
– ხორავას ქუჩაზე მდებარე ფარდული, სადაც სისხლიან გარჩევამდე მოზარდებს შორის ჩხუბი დაიწყო, მიზანმიმართულად დაანგრიეს. შემთხვევის ადგილი, თუ ის დაცულია ბუნებრივი ზეგავლენებისგან, ინახავს კონკრეტულ მტკიცებულებებს. ისინი შეიძლება იყოს უხილავი მტკიცებულებები, როგორებიცაა დნმ, სისხლის კვალი, ფეხსაცმლის ნაკვალევი.
ჩვენ როცა ამის შესახებ პროკურატურას ვაცნობეთ, გვითხრეს, რომ ფარდული პირადი საკუთრება იყო და მესაკუთრეს რასაც უნდა, იმას უზამსო. არადა, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ფარდულს არ ჰყოლია მესაკუთრე. ამ ფარდულით მართალია ვიღაც სარგებლობდა, მაგრამ ის არ წარმოადგენდა კერძო საკუთრებას. შესაბამისად, მასზე სრული კონტროლი ჰქონდა სახელმწიფოს.
ქალბატონმა, რომელიც დროებით სარგებლობდა ამ ფარდულით, რატომღაც ახლა გადაწყვიტა მისი დანგრევა. მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო თუ მიაღებინეს, მარტივი გასარკვევი არაა და სხვა თემაა.
ჩვენ ის ვიცით მხოლოდ, რომ ეს ქალბატონი მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ ამ ფარდულის დანგრევას აპირებდა. მას ამაზე სახელმწიფომ მწვანე შუქი აუნთო. იმას ვერავინ იტყვის, პოლიციამ არ იცოდა, ჩხუბი ამ ფარდულში რომ დაიწყო. ეს ამბავი მთელმა საქართველომ იცის. თავად ეს ქალბატონი იმიტომ მივიდა პოლიციაში, რომ კარგად აცნობიერებდა ამ ფარდულის მნიშვნელობას.
ამ ფარდულის დანგრევაზე მთელი პასუხისმგებლობა გამოძიებას ეკისრება. ხორავას ქუჩაზე დაღუპული დავით სარალიძის მამამ პროკურატურას შვილის პირადი ნივთები და ტანსაცმელი სთხოვა. საგამოძიებო უწყებამ გამოძიების დასრულებამდე ამ ნივთების დაბრუნებაზე უარი თქვა. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რატომ დართო პროკურატურამ დალუქული ფარდულის დანგრევის უფლება?!
სასამართლოს მიმდინარეობისას შესაძლებელი იყო იმ ადგილზე ექსპერიმენტის ჩატარება. ასეთმა ექსპერიმენტმა, შესაძლოა, ჭეშმარიტების დადგენა გააადვილოს. ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ თქვა, რომ ის ამ ადგილზე სასამართლოსთან ერთად საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იმ ადგილებს ანგრევენ, სადაც გახმაურებული მკვლელობა მოხდა.
– სად მოხდა კიდევ ასეთი შემთხვევა?
– ზუგდიდში. რამდენიმე წლის წინ იქ აფხაზეთის სუსის უფროსი ზვიად ლაგვილავა მოკლეს. იქ მეორე დღესვე ჩავიდა მაშინდელი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ის ადგილი დაანგრევინა, სადაც ლაგვილავა მოკლეს. ოჯახი ამბობდა, რომ ეს იყო მკვლელობა, სახელმწიფო ამტკიცებდა, უბედური შემთხვევააო. ამ დროს მოხდა იმ შენობის დანგრევა, სადაც შემთხვევა მოხდა.
როდესაც გახმაურებული მკვლელობებისას ასეთი მნიშვნელოვანი ნაგებობების დანგრევა ხდება, ბევრი კითხვა ჩნდება. საზოგადოებას სრულიად ბუნებრივად უჩნდება ეჭვი, ხომ არ ცდილობს ხელისუფლება რაღაცის დამალვას.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში პროკურატურა ნამდვილად მალავს რაღაცას და მე შემიძლია კიდევ ერთი მაგალითი მოგიყვანოთ.
მე ხელთ მაქვს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც პროკურატურა აღწერს, თუ რა და როგორ მოხდა ხორავას ქუჩაზე. იქ იმ მოზარდების გვარებიც ჩამოთვლილია, რომლებიც ამ ინციდენტში მონაწილეობენ. საქმე მოზარდებს ეხება და მე გვარებს არ დავასახელებ.
საინტერესო ისაა, რომ პროკურატურა ოფიციალურ დოკუმენტში ახსენებს ინციდენტში მონაწილე 15 პირს, რომელთა გვარებს არ ასახელებს. დასახელებულ გვარებს და ამ 15 პირს თუ შევკრებთ, გამოდის, რომ ინციდენტში 21 ადამიანი მონაწილეობდა.
– ამ 15 მოზარდის ვინაობა რატომ არაა დასახელებული?
– სწორედ ეს აჩენს ეჭვებს. სადაც დანარჩენების ვინაობა დაადგინეს, იქ ამ 15 მოზარდის ვინაობის დადგენაც შეიძლებოდა დარწმუნებული ვარ, დადგენილიც აქვთ. იმას არავინ დაიჯერებს, რომ მათი ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. ეს ბავშვები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ.
შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ გამოძიება კონკრეტულ ადამიანებს ხელს აფარებს. პროკურატურა ყველანაირად ცდილობს, ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან იხსნას, ეს ადამიანები არიან საკმაოდ გავლენიანი ოჯახის შვილები და ამიტომ რისკავს საგამოძიებო უწყება.
– თქვენ არაერთხელ თქვით იმის შესახებ, რომ ინციდენტის დროს კიდევ რამდენიმე მოზარდი დაიჭრა. ამაზე რას ამბობს პროკურატურა?
– პროკურატურა ამაზე არაფერს არ ამბობს. მე ვიცი იმ მოზარდების ვინაობა, რომლებიც იმ გარჩევის დროს დაიჭრნენ. ამის დადგენაში დანგრეულ ფარდულში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი დაგვეხმარებოდა.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ფარდული იყო ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, საიდანაც შესაძლებელი იყო სისხლის კვალის ამოღება, დნმ-ს ამოღება, რაც რეალური სურათის აღდგენისთვის და დამნაშავეთა გამოვლენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იქ, გარდა გარდაცვლილებისა, არის სხვა ადამიანების სისხლი. აქედან გამომდინარე, ფადრულის მოშლა პირდაპირ მტკიცებულებების განადგურებაა.
იმ პირობებში კი, როცა საქმე ბურუსითაა მოცული, ვერსია, რომელსაც გამოძიება გვთავაზობს, რომ 2 მოზარდის მკვლელობაში მხოლოდ 2 არასრულწლოვანი და ასევე 2 დანა ფიგურირებს, კითხვებს ბადებს.
– თქვენში რა კითხვებს ბადებს 2 დანის და 2 მოზარდის მონაწილეობა?
– პროკურატურა გვეუბნება, რომ დავით სალარიძეს ჯანაშიამ მიაყენა 12 ნაკვეთი ჭრილობა, ხოლო ლევან დადუნაშვილს მეორე მოზარდმა მიაყენა 2 ნაკვეთი ჭრილობა. ამ ვერსიის გარდაცვლილის ოჯახებს არ სჯერათ.
დავით სალარიძე დიდი და ფიზიკურად ძალიან ძლიერი მოზარდი იყო. ის დაახლოებით 130 კილოს იწონიდა, სიმაღლეში კი 196 სანტიმეტრი იყო. ის მორაგბე იყო და ბევრს ვარჯიშობდა. მისი სხეული მთლიანად კუნთი იყო.
მის მკვლელობაში ბრალდებული ჯანაშია კი სულ რაღაც 40-45 კილოს იწონის. მისი ფიზიკური მონაცემებიც საკმაოდ სუსტია.
შესაბამისად, არადამაჯერებელია პროკურატურის განცხადება, რომ სარალიძეს 12 ჭრილობა მხოლოდ ამ ადამიანმა მიაყენა. ამას ჯანაშია ფიზიკურად ვერ მოახერხებდა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, სარალიძე ბევრს ვარჯიშობდა და დაკუნთული იყო. დაკუნთულ სხეულზე ჭრილობის მიყენება კი ბევრად რთულია. მითუმეტეს, რომ ჯანაშია ფიზიკურად სუსტი იყო.
ჯანაშია სალარიძისთვის ერთადერთ შემთხვევაში შეძლებდა 12 ჭრილობის მიყენებას – ვიღაცას სალარიძე უნდა გაეკავებინა. სალარიძე ძალიან ძლიერი იყო და მის გაკავებას ერთი და ორი ადამიანი ვერ შეძლებდა.
იმ შემთხვევაში თუ მას სალარიძის გაკავებაში ეხმარებოდნენ, მაშინ მოზარდის მკვლელობაში მარტო ჯანაშია კი არ არის პასუხისგებაში მისაცემი, უნდა დაისაჯონ ის პირები, ვინც მკვლელობამდე დათოს ამაგრებდა. ისინი მკვლელობის თანამონაწილენი არიან, მათ ხელი შეუწყეს მოზარდის მკვლელობას.
– ექსპერტიზა დასრულებულია. წესით, ექსპერტიზას უნდა დაედგინა, მართლა ერთი დანით აქვთ თუ არა სალარიძეს და დადუნაშვილს ჭრილობები მიყენებული.
– ექსპერტიზით მარტივად შეიძლება იმის დადგენა, სალარიძეს და დადუნაშვილს რამდენი დანით აქვთ ჭრილობები მიყენებული. ამ მიმართულებით პროკურატურის ქმედებებიც ბევრ კითხვას აჩენს.
ერთმა ადამიანმა, რომლის წესიერებასა და კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, მითხრა, რომ პროკურატურას ექსპერტიზისთვის არ უკითხავს, ჭრილობები რამდენი დანით არის მიყენებული.
ეს ფაქტი, დაჭრილების დამალვა, შემთხვევის ადგილის დანგრევა და ჩხუბში მონაწილე მოზარდების ნაწილის ვინაობის გასაიდუმლოება მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა დანაშაულში მონაწილე პირებს ხელს აფარებს. ეს პირები, შესაძლოა, გავლენიან ოჯახს წარმოადგენდნენ.
მოკლული მოზარდების ოჯახები და მათი ახლობლები ბოლომდე ვაპირებთ ამ საქმის მიყვანას. მე ძალიან ბევრ ინფორმაციას ვღებულობ, ვამოწმებ. პროკურატურა, მართალია ძალიან ცდილობს ვიღაცისთვის ხელის დაფარებას, მაგრამ სიმართლე აუცილებლად დადგინდებოდა.
სიმართლის დადგენაში ძალიან დაგვეხმარებოდა ფარდული, რომელიც კვალის წაშლის მიზნით დაანგრიეს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა