”ანა ნაცვლიშვილის საქმეში ბევრი სკანდალური დეტალია, სიტყვა ინტიმი სალანძღავი სიტყვა არაა ” – ადვოკატი ოტიაშვილი დავით ასათიანს პასუხობს

”ანა ნაცვლიშვილის საქმეში ბევრი სკანდალური დეტალია, სიტყვა ინტიმი  სალანძღავი სიტყვა არაა ” - ადვოკატი ოტიაშვილი დავით ასათიანს პასუხობს20 წლის შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი, ნაირა ოტიაშვილი თვლის, რომ მას ანა ნაცვლიშვილის პირადი ცხოვრების დეტალები არ გაუსაჯაროებია.
როგორც “ნიუპოსტს”ოტიაშვილმა უთხრა, მან “ძალიან კორექტულად გაავრცელა საქმეში არსებული დეტალი”.
– ჩემი განცხადება არ იყო დეტალური, ზოგადი განცხადება გავაკეთე, არავის უფლება მე არ დამირღვევია. ჟურნალისტებისთვის მე დეტალური ინფორმაცია არ მიმიცია. რაც შეეხება მესამე პირს, ეს საქმის მასალებიდან გამომდინარე ვთქვი- აღნიშნა ადვოკატმა.
ოტიაშვილს უკვირს, “რატომ არის ინტიმური ურთიერთობა სალანძღავი სიტყვა”.
– საერთოდ, სიტყვა ინტიმი სულაც არ არის სალანძღავი სიტყვა, სავარაუდოდ არასწორად ესმის ხალხს. ეს აბსოლუტუტად ცივილური ფორმაა რაიმე ურთიერთობის გამოხატვისას. სულაც არ არის სავალდებულო ამას ქვეტექსტები დავუდოთ, – აღნიშნა იურისტმა.
მისი თქმით, საქმეში “ბევრი სკანდალური დეტალია”, რაზეც ვერ ისაუბრებს.
ცნობისთვის, ნაირა ოტიაშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან არ გამორიცხა, რომ ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მესამე პირი ფიგურირებდეს.
ადვოკატის განმარტებით საქმეში შავი ფერის BMW მარკის ავტომობილის მძღოლი ფიგურირებს, რომელთანაც ადვოკატის თქმით, 20 წლის გოგონას ინტიმური კავშირი ჰქონდა. თუმცა არა კავშირი აქვს ამ საკითხს ნაცვლიშვილის მკვლელობაზე, ამაზე ადვოკატს არ უსაუბრია.
ოტიაშვილის განცხადებას, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
დავით ასათიანი, აცხადებს, რომ ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან თემქაზე მოკლული გოგოს პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მიუღებელია და არ შეესაბამება ადვოკატის როლსა და საქმიანობის პრინციპებს.