დოდო გუგეშაშვილს დღეს პალატაში არ გადაიყვანენ

დოდო გუგეშაშვილს დღეს პალატაში არ გადაიყვანენმიუხედავად იმისა, რომ დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, ექიმების გადაწყვეტილებით, პალატაში მას დღესაც არ გადაიყვანენ.

გუგეშაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ასევე, დოდო გუგეშაშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერც დღეს დაკითხავენ.

ჯერ უცნობია, თუ როდის შეატყობინებენ მას შვილის დაღუპვის შესახებ.

„დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. როდის გადაიყვანენ პალატაში, ამ ყველაფერს ექიმები გადაწყვეტენ. როგორც ექიმები გადმოგვცემენ, ქალბატონი დოდო კონტაქტურია, მაგრამ ვცდილობთ, არ შევაწუხოთ. ჩვენ მისი ნახვა არ შეგვიძლია იქიდან გამომდინარე, რომ არ დავტვირთოთ, რადგან იქნება კითხვები და ჯერ ეს ყველაფერი საჭირო არ არის“, – განაცხადა გუგეშაშვილის მეგობარმა ალექსანდრე სუხაშვილმა.

7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).