“გუდვილი” კრედიტორთა დავალიანებების გასტუმრებას იწყებს.
ამის შესახებ Bm.ge-ს შპს “ბიზნესქეარ კორპორეიშენის” დამფუძნებელმა ნოდარ პაპუკაშვილმა განუცხადა, რომელიც “გუდვილის” რეაბილიტაციის საქმის მმართველია.
– მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან, კერძოდ, მარტის ბოლოს მოხდება უზრუნველყოფილი კრედიტორის ვალის გასტუმრება, რომელიც კერძო პირი გიორგი მახათაძეა, კომპანიის დავალიანება მის წინაშე 1 მილიონ ლარს შეადგენს, რასაც სრულად გავისტუმრებთ. ამის შემდეგ კი, უკვე, ივნისის ბოლოს, დავიწყებთ არაუზრუნველყოფილი კრედიტორების დავალიანებების დაფარვას, რომელთა რიცხვიც რამდენიმე ასეულია. 2018 წლის ბოლომდე მათ ჯამში 3 მილიონ ლარს გავუსტუმრებთ, დანარჩენი ვალი კი წლების მიხედვით გაიწერება და 2022 წლამდე სრულად დაიფარება, – განუცხადა Bm.ge-ს ნოდარ პაპუკაშვილმა.
კომპანია “გუდვილი” რეაბილიტაციის რეჟიმში 2013 წლის დეკემბრიდან მუშაობს, მისი დავალიანება კრედიტორთა წინაშე 26 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც კომპანიამ, რეაბილიტაციის გეგმის თანახმად, 2021 წლის ბოლომდე უნდა გაისტუმროს.

